საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განახლებული რეგულაციის თანახმად, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში 23:00-დან 08:00 საათამდე , სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დონის მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმებისას სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.
კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის ნორმის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომელიც დარღვევის განმეორების შემთხვევაში მკაცრდება.
დადგენილი სანქციები შემდეგია:
- პირველი დარღვევა: 100 ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება;
- განმეორებითი დარღვევა: 200 ლარის ჯარიმა და 20 ქულის შემცირება;
- მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევა: 300 ლარის ჯარიმა და 30 ქულის შემცირება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ცვლილების შედეგად, ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის კონტროლისთვის განსაზღვრული დასაშვები მაჩვენებელი 20 დეციბალით გაიზარდა, ხოლო დადგენილი ზღვრის გადაჭარბებისთვის ადმინისტრაციული სანქციები ძალაში რჩება.