Apple-ი პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული თაღლითობისა და ქურდობის წინააღმდეგ ახალ ტექნოლოგიას იყენებს. Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის ინფორმაციით, კომპანიამ საცალო მაღაზიებს სპეციალური მოწყობილობები მიაწოდა, რომლებიც დალუქულ ყუთში მოთავსებული iPhone-ის შემოწმებისა და დიაგნოსტიკის შესაძლებლობას იძლევა.

გურმანის ცნობით, ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლები შეძენილი პროდუქციის ყუთიდან კომპონენტებს, აქსესუარებს ან თავად მოწყობილობას იღებენ, რის შემდეგაც პროდუქციას მაღაზიაში აბრუნებენ.

აქამდე დაბრუნებული პროდუქციის შემოწმების მიზნით თანამშრომლებს დალუქული შეფუთვის გახსნა უწევდათ, რაც ნივთის კომერციულ ღირებულებას ამცირებდა.

ახალი ტექნოლოგია Apple-ის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, iPhone-ის სკანირება და დიაგნოსტიკა შეფუთვის გახსნის გარეშე განახორციელონ. ამ გზით შესაძლებელი ხდება მოწყობილობის მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პროდუქციის სავაჭრო მარაგში დაბრუნება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სპეციალური მოწყობილობების საცალო მაღაზიებისთვის მიწოდება ოქტომბერში დაიწყო.

Apple-ი მსგავსი ტიპის ტექნოლოგიას მანამდეც იყენებდა, თუმცა მისი დანიშნულება შეფუთვიდან ამოუღებელი iPhone-ების ოპერაციული სისტემის iOS-ის განახლება იყო.

გავრცელდება თუ არა ახალი სისტემა საქართველოში მოქმედ სავაჭრო ობიექტებზე, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: Bloomberg