წონის დასაკლები პრეპარატების მიმართ მზარდი მოთხოვნა მომხმარებელთა ქცევასა და სხვადასხვა ინდუსტრიაზე აისახება. კვების პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების შემდეგ, მომხმარებელთა ჩვევების შესაძლო ცვლილებას პარფიუმერიის ინდუსტრიაც სწავლობს.

როგორც Reuters-ი წერს, ალუბლის, ბანანის, ტოფის ღვეზელის, სეზამისა და ტაბასკოს არომატები სულ უფრო ხშირად გვხვდება ძვირადღირებულ სუნამოებში. პარფიუმერიის მწარმოებლები იკვლევენ, შესაძლოა თუ არა წონის დასაკლები პრეპარატების პოპულარობა სურნელების მიმართ მომხმარებელთა ინტერესის ცვლილებას უკავშირდებოდეს.

საკვებით შთაგონებული სუნამოების მზარდი პოპულარობა

ე.წ. გურმანული (Gourmand) სუნამოები, რომელთა არომატები ტკბილეულს, დესერტებსა და სხვა საკვებ პროდუქტებს მოგვაგონებს, პარფიუმერიის ბაზარზე რამდენიმე ათწლეულია არსებობს.

ამ მიმართულების ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია Thierry Mugler-ის Angel, რომელიც ბამბის ნაყინის არომატით არის შთაგონებული, ასევე Nina Ricci-ის Nina, რომელსაც კარამელიზებული ვაშლის სურნელი ახასიათებს.

სეგმენტის განვითარებას ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში ელექტრონული კომერციის გაფართოებამ. მომხმარებლებისთვის ნაცნობ საკვებთან ასოცირებული სურნელების შერჩევა შედარებით მარტივი აღმოჩნდა მაშინაც კი, როდესაც სუნამოს წინასწარ გამოცდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ინდუსტრიის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს Z თაობის მომხმარებელთა ინტერესებიც.

როგორ შეიძლება წონის დასაკლებმა პრეპარატებმა სუნის აღქმაზე იმოქმედოს?

პარფიუმერიის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, მათ შორის Givaudan, IFF, CPL Aromas და L’Oréal, იკვლევენ GLP-1 ჯგუფის პრეპარატების გამოყენებასა და სურნელოვანი პრეფერენციების ცვლილებას შორის შესაძლო კავშირს.

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების სუნისა და გემოს ცენტრის თანახელმძღვანელის, პაულ ჯოზეფის შეფასებით, შესაძლებელია, აღნიშნული მედიკამენტები ქიმიურ სტიმულებზე ადამიანის სენსორულ რეაქციებზე ახდენდეს გავლენას.

მადის რეგულირებასთან ერთად, პრეპარატები შესაძლოა გავლენას ახდენდეს ყნოსვით ბოლქვზეც . თავის ტვინის სტრუქტურაზე, რომელიც სუნის შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობს.

თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია იმის მტკიცება, რომ GLP-1 ჯგუფის მედიკამენტები სუნის აღქმას ან მომხმარებელთა სურნელოვან პრეფერენციებს ცვლის.

L’Oréal-ში განიხილავენ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, ადამიანები, რომლებიც საკვებისგან მიღებულ სიამოვნებას ნაკლებად განიცდიან, შესაძლოა სიამოვნების ალტერნატიულ წყაროებს ეძებდნენ.

რას აჩვენებს ბაზრის მონაცემები?

კვლევითი კომპანია Mintel-ის მონაცემებით, საკვებით შთაგონებული სუნამოები ახალი პროდუქტების შექმნის თვალსაზრისით მეორე უმსხვილეს კატეგორიად ჩამოყალიბდა, ყვავილოვანი არომატების შემდეგ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კატეგორიის წილი 9%-დან 24%-მდე გაიზარდა.

კვლევითი კომპანია NIQ-ის მიერ შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის თანახმად კი, GLP-1 პრეპარატების მომხმარებლები სუნამოებზე საშუალო მომხმარებელთან შედარებით 26%-ით მეტს ხარჯავენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი სიმსუქნით ცხოვრობს. ფარმაცევტული კომპანიებისა და ანალიტიკოსების პროგნოზით, GLP-1 ჯგუფის პრეპარატების ბაზრის ღირებულებამ 2030 წლისთვის შესაძლოა 150 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

აღნიშნული ბაზრის გაფართოება სხვა ინდუსტრიებისთვისაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი ხდება.

პარფიუმერიის ახალი ტენდენციები

ტრადიციული ვანილისა და კარამელის არომატებთან ერთად, პარფიუმერიის ბაზარზე სულ უფრო ხშირად ჩნდება უჩვეულო სურნელებიც.

მწარმოებლები ექსპერიმენტებს ატარებენ სეზამის, ბრინჯის, ტრიუფელის, მატჩას, ასევე ვისკის, რომისა და ტეკილას არომატებით.

CPL Aromas-ის წარმომადგენლების დაკვირვებით, ახალგაზრდა მომხმარებლები განსაკუთრებით ინტერესდებიან არა მხოლოდ ტკბილი, არამედ მარილიანი, ფერმენტირებული და შემწვარი საკვების სურნელებით.

Givaudan-ის წარმომადგენლის, არნო გუგენბიულის პროგნოზით კი, პარფიუმერიის ინდუსტრიის მომდევნო მნიშვნელოვანი ტენდენცია კრემოვანი არომატები იქნება – ბანანის, ათქვეფილი ნაღებისა და თბილი რძის სურნელები.

მისი შეფასებით, საკვებით შთაგონებული სუნამოების ბაზარი ზრდას განაგრძობს და ამ პროცესში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ GLP-1 პრეპარატების მომხმარებლებმაც.

„რისი ჭამაც მათ აღარ შეუძლიათ, მისგან მიღებული სიამოვნების განცდა მაინც სურთ,“ – ასეთია ამ ტენდენციის მოკლე ახსნა.

მიუხედავად იმისა, რომ წონის დასაკლებ მედიკამენტებსა და სურნელოვან პრეფერენციებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი მეცნიერულად ჯერ არ არის დადასტურებული, ბაზრის მონაცემები საკვებით შთაგონებული სუნამოების პოპულარობის ზრდაზე მიუთითებს.

წყარო: Reuters