ორშაბათს, 23 ნოემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის საფრენი აპარატების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა და ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება იქნება.
ინფორმაციას პოლონური გამოცემა RMF24 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე პოლონეთს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ ზალევსკი წარადგენს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ვარშავა ნატო-ს მოკავშირეებისგან აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად დამატებით მხარდაჭერას ელოდება.
„უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ მტკიცე მხარდაჭერას ნატო-ს მოკავშირეებისგან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის დაცვა! ორშაბათს, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც წარვადგენთ კონკრეტულ წინადადებებს და განვიხილავთ მოქმედების ახალ ვარიანტებს“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული საკითხები მან შაბათს ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან, გენერალ ალექსუს გრინკევიჩთან განიხილა.
რუსული საფრენი აპარატების შეჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში
პოლონური მედიის ცნობით, პარასკევს, 20 ნოემბერს, რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს სამი რუსული საფრენი აპარატი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
საფრენი აპარატები პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა – ორი პოდკარპაცკიეს რეგიონში, ერთი კი ლუბლინის რეგიონში.
პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთ შემთხვევაში დადასტურდა „ხ-101“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის არსებობა, დანარჩენ შემთხვევებში კი საუბარია რაკეტისა და რეაქტიული დრონის ჩამოვარდნაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.