რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე კვირაში უკრაინის 20 რეგიონზე განახორციელეს თავდასხმები, რომელთა დროსაც დაახლოებით 2 700 დრონი, თითქმის 1 460 მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 165 რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გამოყენებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი ბალისტიკური იყო, მათ შორის ჩრდილოეთ კორეული წარმოების შეიარაღებაც.
ზელენსკის მტკიცებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების მოდერნიზებაში ეხმარება, რათა მათი სიზუსტე გაიზარდოს.
„ამ ფონზე განსაკუთრებით რთულია იმის გაგება, რატომ ჭიანურდება უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად საჭირო ჩამჭრელი რაკეტების მიწოდება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
კიევის ოლქში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
ზელენსკის ინფორმაციით, დილიდან კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
მისი განცხადებით, რუსეთის დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია ცხრა ადამიანი, ხანძარი კი ლოკალიზებულია. ამასთან, ნანგრევებში შესაძლოა ადამიანები კვლავ იმყოფებოდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული მონაცემებით, 14 ადამიანის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
ზელენსკის ცნობით, რუსეთმა მართვადი საავიაციო ბომბებით ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებსაც შეუტია, რის შედეგადაც ბავშვი დაშავდა.
ზელენსკი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აუცილებელი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობა Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემაზე, რომელთა ღირებულებაც, მისივე თქმით, უკრაინის პარტნიორებმა PURL-ის პროგრამის ფარგლებში უკვე დაფარეს.
„თავდაცვის გაძლიერება გვჭირდება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ გასცეს ნებართვა Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადმოცემაზე, რომელთა საფასურიც ჩვენმა პარტნიორებმა PURL-ის ფარგლებში უკვე გადაიხადეს“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, აუცილებელია PURL-ის პროგრამის დაფინანსების გაგრძელებაც, რადგან აღნიშნული მექანიზმი უკრაინისთვის ანტიბალისტიკური ჩამჭრელი რაკეტების მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
PURL-ის პროგრამა ითვალისწინებს უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვას პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებით.