პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიშით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი გამოდის. სესიამდე ანგარიში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს, სადაც დოკუმენტი სუს-ის უფროსის მოადგილემ დავით არჩვაძემ წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენდა და სამსახურს მუდმივად უწევდა რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველო მსხვილი აქტორების კონკურენციის არეალად რჩებოდა, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობებს, რომელიც უწყების ცნობით, აღიკვეთა. დოკუმენტის მიხედვით, რთულად პროგნოზირებადი გლობალური პროცესების ფონზე, საქართველოს მიმართ შენარჩუნებული იყო შიდა და საგარეო საფრთხეების მაღალი დონე, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების ინსპირირებისა და არასტაბილური გარემოს შექმნის ალბათობა.