რა უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნისას და სად გადის ზღვარი ცალკეული პირის პასუხისმგებლობასა და პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობას შორის? კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “რადიო მაესტროსთან” ინტერვიუში საუბრობს ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, ხელისუფლების კრიტიკისა და მისი ლეგიტიმურობის შეფასების უფლებაზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე.

– რა პირობებში უშვებს საქართველოს კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და რამდენად გამონაკლისი ზომაა ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში?

– პარტიის აკრძალვის საფუძვლები საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით არის განსაზღვრული. სხვა საფუძვლით არა მხოლოდ პარტიის აკრძალვა, არამედ ამ საკითხის დასმაც გაუმართლებელია.

პრობლემა ნორმების ინტერპრეტაციაში ჩნდება. მაგალითად, მოსარჩელეები ცდილობენ, ხელისუფლების დამხობა კონსტიტუციური წყობილების დამხობას გაუთანაბრონ, ან ხელისუფლების ძალადობით შეცვლა წარმოადგინონ, როგორც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა. ეს განსხვავებული საკითხებია.

ძალადობრივი მოქმედება კანონით დასჯადია და შესაბამისი პასუხისმგებლობაც არსებობს. თუმცა კონკრეტული პირის მოქმედება ავტომატურად ვერ მიეწერება პარტიას, მაშინაც კი, თუ ეს პირი პარტიის ხელმძღვანელია.

თუ ხელმძღვანელმა ძალადობისკენ მოწოდება გააკეთა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს. მაგრამ ცალკე უნდა დადგინდეს, შეიძლება თუ არა ამ მოქმედების თავად პარტიისთვის შერაცხვა.

ჩემი შეფასებით, წარმოდგენილ სარჩელში ვერ დავინახე კონსტიტუციური საფუძველი ამ ხუთიდან რომელიმე პარტიის აკრძალვისთვის.

– სარჩელში საუბარია კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის მცდელობებზე, ომის მოვლენებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარებაზე. რამდენად შეიძლება ამ გარემოებებმა პარტიების აკრძალვა გაამართლოს?

– ბოლო საკითხით დავიწყებ: ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარება შეიძლება იყოს მოქალაქის, მოქალაქეთა ჯგუფისა თუ პოლიტიკური პარტიის პოზიცია. მხოლოდ ამის არაკონსტიტუციურ მოქმედებად მიჩნევა, ჩემი შეფასებით, უსაფუძვლოა.

რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასეთი შემთხვევები ნამდვილად არსებობდა, მათ შორის მძიმე დარღვევებიც. თუმცა საკითხია, რამდენად შეიძლება მათი პარტიისთვის შერაცხვა.

მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ უფლებების დარღვევა პარტიის მიზანი იყო ან ეს დარღვევები პარტიის მოქმედებამ განაპირობა. უფლებების დარღვევის შემთხვევების არსებობა და მათი პოლიტიკური პარტიის მიზნად ან საქმიანობად მიჩნევა ერთი და იგივე არ არის.

პარტიების არსებობა დემოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი საფუძველია. ამიტომ მათი აკრძალვის საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.

– დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობაც ხომ უნდა ჰქონდეს?

–  რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამის რეალური საჭიროება უნდა არსებობდეს.

პარტიის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მისი საქმიანობა რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პრინციპებს.

სხვა შემთხვევაში პარტიის აკრძალვის მოთხოვნა შეიძლება პოლიტიკური კონკურენტის გზიდან ჩამოცილების მცდელობად იქცეს. თავისუფალ კონკურენციაში მონაწილეობა და კონკურენტის აკრძალვა სრულიად განსხვავებული გზებია.

როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს ვაკვირდები, ჩემი შეფასებით, მოსარჩელე პარლამენტის წევრების დასაბუთება მოპასუხეების სამართლებრივ პოზიციაზე სუსტია.

– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებები თითოეულ პარტიას ინდივიდუალურად უკავშირდებოდეს? შეიძლება ერთი პარტიის წარსული საქმიანობა სხვა გაერთიანების აკრძალვის საფუძველი გახდეს?

– რა თქმა უნდა, არა. სხვისი მოქმედებისთვის პასუხისმგებლობას ვერ დამაკისრებენ.

როდესაც რამდენიმე პოლიტიკური პარტიის აკრძალვაზეა საუბარი, თითოეულის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, რა საფუძვლით მოითხოვენ მის აკრძალვას.

ეს საკითხი განხილვის დასაწყისიდანვე დასვეს მოპასუხე პარტიებმა. ის სასამართლოშიც დაისვა, თუმცა, ჩემი შეფასებით, მოსარჩელემ თითოეული პარტიის მიმართ საფუძვლები სათანადოდ ვერ გამიჯნა.

ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ ხუთივე პარტიის აკრძალვის ერთიანი დასაბუთების წარმოდგენა ვერ ხერხდება. აუცილებელია კონკრეტული პარტიის კონკრეტული საქმიანობის შეფასება.

– როგორ უნდა განვასხვაოთ სუვერენიტეტისთვის რეალური საფრთხე ხელისუფლების კრიტიკისა და მისი ლეგიტიმურობის პოლიტიკური არაღიარებისგან?

ხელისუფლების კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველ ჯგუფებს.

არჩევნების დანიშნულებაც ის არის, რომ მოქალაქეებმა პერიოდულად შეაფასონ ხელისუფლების საქმიანობა და უკმაყოფილების შემთხვევაში არჩევნების გზით შეცვალონ ის.

ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე მსჯელობისას მთლიანად საარჩევნო პროცესი უნდა შევაფასოთ: რამდენად სამართლიანი იყო გარემო, რამდენად იყო პროცესი დაცული ხელისუფლების არასამართლებრივი ჩარევისგან, არსებობდა თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა ან იძულება.

მნიშვნელოვანია შედეგების დადგენის პროცესიც, დარღვევების გასაჩივრების შესაძლებლობა და საჩივრების სამართლიანი განხილვა.

ამასთან, ლეგიტიმურობა საზოგადოებრივ აღქმასაც უკავშირდება. სხვადასხვა არჩევნების მიმართ პრეტენზიები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში არ დამდგარა საკითხი, რომ დარღვევებმა რეალური შედეგი შეცვალა.

კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლების წყარო ხალხია. როდესაც მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას ართმევენ, სწორედ სახალხო სუვერენიტეტი ზიანდება.

– საუბარში ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის შეზღუდვასა და ძალის გამოყენებას შორის კავშირი ახსენეთ. რას გულისხმობთ? არჩევნებში დამარცხება შეიძლება ძალადობის გამართლებად იქცეს?

– არა. თუ მე, თქვენ და სხვა ადამიანებს ხელისუფლების შეცვლა გვინდა, მაგრამ სამართლიან არჩევნებში მოქალაქეთა საკმარის მხარდაჭერას ვერ ვიღებთ, ეს ძალის გამოყენების უფლებას არ გვაძლევს. ასეთი დასკვნა აბსოლუტურად არასწორი იქნებოდა.

ჩემი აზრი ის არის, რომ ხელისუფლებამ საკუთარი არასამართლებრივი მოქმედებით არ უნდა ჩაკეტოს პოლიტიკური ცვლილების გზები და ხალხი უკიდურეს მდგომარეობამდე არ უნდა მიიყვანოს.

მან ყველასთვის სამართლიანი საარჩევნო პირობები უნდა შექმნას. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და საკუთარი არჩევანი გამოხატონ.

– ამ თვალსაზრისით, რას მიიჩნევთ საარჩევნო უფლების ფაქტობრივ შეზღუდვად?

მაგალითად, ემიგრანტების შემთხვევაში ფორმალური უფლების არსებობა საკმარისი არ არის, თუ მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველს მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსვლა მოეთხოვება, გასათვალისწინებელია მგზავრობის ხარჯი, სამსახურთან დაკავშირებული გარემოებები და ფიზიკური შესაძლებლობაც.

ასეთი მოთხოვნა მრავალი ადამიანისთვის შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის ფაქტობრივ დაბრკოლებად იქცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უფლების კანონში ჩაწერა, არამედ მისი განხორციელებისთვის რეალური პირობების არსებობაც.

– თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, რა პრეცედენტს შექმნის ეს?

კონსტიტუციის დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოს უმთავრესი პასუხისმგებლობაა. მისი საქმიანობა კონსტიტუციას უნდა ეფუძნებოდეს და სასამართლოს პოლიტიკურ მიუკერძოებლობაში ეჭვის საფუძველი არ უნდა ჩნდებოდეს. ეს აუცილებელია გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებრივი ნდობისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძვლებს ვერ ვხედავ. ამ შეფასებას მიმდინარე განხილვებიც მიმყარებს.

ამიტომ, თუ სასამართლო ყველა ან რომელიმე პარტიის აკრძალვას გადაწყვეტს არსებული დასაბუთების საფუძველზე, ჩემი პირადი შეფასება იქნება, რომ მან არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკური დავალება შეასრულა.

ასეთი პრეცედენტი მომავალში სხვა პოლიტიკური ძალების წინააღმდეგაც შეიძლება გამოიყენონ. განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური განცხადებები, რომლებშიც სხვა პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას მათ გაძლიერებასა და მხარდაჭერის ზრდას უკავშირებენ. ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო აჩენს კითხვას, საქმე კონსტიტუციის დაცვას ეხება თუ პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვას.

ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა