რას ნიშნავს საქართველო-რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის მინსკში გამართვა და რა რისკები შეიძლება ახლდეს მოლაპარაკებების მოსკოვსა თუ თბილისში გაგრძელებას? რატომ უკავშირებს რუსეთი სავაჭრო ურთიერთობებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და როგორი უნდა იყოს ამ პირობებში საქართველოს მიდგომა?

საგარეო პოლიტიკის მკვლევარი გიორგი კობერიძე „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში აფასებს რუსეთთან დიალოგის ფორმატს, ქართული პროდუქციის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებსა და ეკონომიკური დამოკიდებულების საფრთხეებს. მისი შეფასებით, ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში დეოკუპაციის საკითხი სავაჭრო თემებმა არ უნდა ჩაანაცვლოს.

— საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრები აქამდე ძირითადად ევროპის ქვეყნებში იმართებოდა. რამდენად საყურადღებოა შეხვედრის მინსკში ჩატარება და მოლაპარაკებების მოსკოვსა თუ თბილისში გაგრძელების შესაძლებლობა? ხომ არ ჩნდება საფრთხე, რომ საქართველო რუსეთთან საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე დარჩეს?

— სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე – რუსეთთან მარტო დარჩენა. ასეთ პირობებში რუსეთს საქართველოზე ზეწოლის გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება. რუსეთის პოლიტიკურ წარმოდგენაში საქართველო პატარა სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობასაც ძალთა ამ უთანასწორობიდან გამომდინარე უყურებს.

ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ შეხვედრის თბილისში ან მოსკოვში გამართვა თავისთავად პრობლემა არ არის. თუმცა ამ ნაბიჯებს თან ახლავს პოლიტიკური მნიშვნელობა: რუსეთს შეუძლია ქართული საზოგადოება და პოლიტიკური წრეები თანდათან შეაჩვიოს იმ აზრს, რომ ურთიერთობების აღდგენა დეოკუპაციის გარეშეც შესაძლებელია.

ამ დროს მოლაპარაკებების მთავარი საგანი სწორედ დეოკუპაცია და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტა უნდა იყოს. რუსეთი კი ცდილობს, საუბარი ეკონომიკურ აქტივობებზე გადაიტანოს და ურთიერთობების ძირითადი პრობლემა მეორე პლანზე მოაქციოს.

ჩემი შეფასებით, ეს რუსეთის გააზრებული მიდგომაა და საქართველო ამ პროცესში არ უნდა გაებას. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში – საუბარია სახელმწიფოს ინტერესებზე და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებზე.

— ქართული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მიღებული ინფორმაციით გაკვირვებული დარჩა: მოსკოვმა კომპანიების მიმართ შეზღუდვები, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის დაფინანსებისა და ანტირუსული პოზიციების შესახებ ბრალდებებს დაუკავშირა. რამდენად საფუძვლიანი იყო მოლოდინი, რომ რუსეთი ვაჭრობას პოლიტიკური კონტექსტისგან გამიჯნავდა?

— პირიქით, ჩემთვის სწორედ ასეთი გაკვირვებაა გასაკვირი. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს არ ვიცნობთ რუსეთის მოქმედების წესს.

რუსეთი სპორტს, კულტურას, რელიგიას, ეკონომიკასა და პოლიტიკას ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სფეროებად არ განიხილავს. მისთვის ეს ყველაფერი შეიძლება პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი იყოს. ეს ახალი მოვლენა არ არის — მსგავსი მიდგომა რუსეთის ხანგრძლივი პოლიტიკური პრაქტიკის ნაწილია.

ამიტომ არასწორია წარმოდგენა, თითქოს ერთ ოთახში მხოლოდ ვაჭრობაზე ვისაუბრებთ, მეორეში – კულტურაზე, ხოლო პოლიტიკა მათგან განცალკევებით დარჩება. რუსეთის მიდგომა ასეთ გამიჯვნას არ გულისხმობს.

საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ გამოყენებული სავაჭრო შეზღუდვები გვახსოვს. ასევე ვხედავთ, როგორ იყენებს რუსეთი ენერგეტიკულ და ეკონომიკურ რესურსებს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობაში. ამ გამოცდილების შემდეგ მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას პოლიტიკური პირობები მოჰყვება.

რუსეთის ინტერესს არ განსაზღვრავს სურვილი, რომ ქართველი გლეხი ან ქართველი ბიზნესმენი უკეთ ცხოვრობდეს. ის ამ ურთიერთობას საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებიდან უყურებს. ჩვენც სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ.

— საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით საკუთარ პოლიტიკას პრაგმატულს უწოდებს. თქვენი შეფასებით, რას უნდა ნიშნავდეს რეალურად პრაგმატული მიდგომა?

— პრაგმატიზმი რეალობის სწორად დანახვას უნდა ნიშნავდეს. არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ განსაკუთრებული მოხერხებულობით რუსეთს ისე დავალაგებინებთ ურთიერთობას, რომ ის ჩვენს მოქმედებებს ვერ შეაფასებს და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე უარს იტყვის.

რუსეთისთვის ეკონომიკური ურთიერთობა ხშირად დამოკიდებულების შექმნის საშუალებაა. ჯერ გიჩნდება შემოსავალი, კონკრეტულ ბაზარზე წვდომა და განცდა, რომ ყველაფერი მოწესრიგდა. შემდეგ კი შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც გეტყვიან: თუ ამა თუ იმ მოთხოვნას არ შეასრულებ, ეკონომიკურ ურთიერთობას შეგიწყვეტთ და დაგაზარალებთ.

ასეთი ზეწოლის მიზანი მხოლოდ ცალკეული კომპანიის დაზარალება არ არის. მან შეიძლება საზოგადოებაში შექმნას განწყობა, რომ ეკონომიკური სარგებლის შესანარჩუნებლად რუსეთთან მეტი დათმობაა საჭირო.

ამგვარ ურთიერთობას მე „ეშმაკთან ხელშეკრულებას“ ვადარებ: თავდაპირველად სარგებელს ხედავ, მაგრამ დამოკიდებულების გაღრმავების შემდეგ სულ უფრო მძიმე პირობების წინაშე აღმოჩნდები.

ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა საერთოდ არ უნდა გვქონდეს. უნდა ვითანამშრომლოთ იმ ფარგლებში, რომლებიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. ამასთან, უნდა გვქონდეს რეალისტური მოლოდინი და გვესმოდეს, რა რისკებს შეიცავს ეს ურთიერთობა.

— რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ეკონომიკური კავშირები პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად არ იქცეს?

— პირველ რიგში, აუცილებელია ბაზრების დივერსიფიცირება. თუ შენი პროდუქციის გასაღება მნიშვნელოვნად ერთ ქვეყანაზეა დამოკიდებული და ამ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია ბაზრის დახურვა, მოწყვლად მდგომარეობაში ხარ.

ეს გამოცდილება საქართველოსაც აქვს და მოლდოვასაც. გვახსოვს, რა მძიმე შედეგები მოჰყვა შეზღუდვებს ბიზნესისა და მწარმოებლებისთვის.

ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წესი სწორედ ის არის, რომ ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩადო. იგივე პრინციპი მოქმედებს სახელმწიფოს ეკონომიკურ ურთიერთობებშიც: რაც უფრო მრავალფეროვანია ბაზრები და პარტნიორები, მით ნაკლები შესაძლებლობა აქვს ერთ მოთამაშეს, თავისი გადაწყვეტილებით მძიმე ზიანი მოგაყენოს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებს და ეკონომიკურ რესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

— შესაძლებელია თუ არა, მინსკში დაწყებული პროცესი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად განვიხილოთ?

— ჩემი აზრით, სწორედ ასეთი რისკი არსებობს. რუსეთი ცდილობს, დეოკუპაცია აღარ იყოს ურთიერთობების მოწესრიგების მთავარი წინაპირობა და მის ნაცვლად წინა პლანზე ეკონომიკური თუ სხვა, შედარებით ნაკლებად მტკივნეული საკითხები წამოიწიოს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ურთიერთობების გაწყვეტის მთავარი მიზეზი ღვინოზე, მინერალურ წყალზე ან სხვა პროდუქციაზე შეზღუდვა არ ყოფილა. მთავარი მიზეზი ომი და ოკუპაციაა.

რუსეთი თავად ქმნის ეკონომიკურ პრობლემას და შემდეგ მისი მოგვარება შეიძლება მნიშვნელოვან დათმობად წარმოაჩინოს. ამ პროცესში კი არსებობს საფრთხე, რომ ძირითადი საკითხი – ოკუპაცია – საუბრის მიღმა დარჩეს.

თუ საქართველოს პოზიციაა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მთავარი პრობლემა ოკუპაციაა, ამ საკითხს სავაჭრო შეზღუდვების მოხსნის სანაცვლოდ ვერ გადავდებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენივე ხელით შევასუსტებთ საკუთარ პოზიციას.

ამასთან, საუბარია არა მხოლოდ ტერიტორიებზე, არამედ სახლებიდან გამოდევნილ ადამიანებზე, მოქალაქეების გატაცებაზე, მკვლელობებსა და დაუსჯელობაზე. სანამ ეს პრობლემები რჩება, მხოლოდ შეხვედრები, ხელის ჩამორთმევა და ეკონომიკურ საკითხებზე შეთანხმება სრულფასოვან მოწესრიგებად ვერ ჩაითვლება.

— არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც: იქნებ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამ დეოკუპაციაზე მუშაობისთვის მეტი შესაძლებლობა შექმნას? რატომ არ მიიჩნევთ ამას ეფექტიან გზად?

— მნიშვნელოვანია, რა პირობებით სთავაზობს რუსეთი საქართველოს ურთიერთობების აღდგენას. როდესაც საუბარია „არსებული რეალობის გათვალისწინებით“ ახალი ფურცლიდან დაწყებაზე, უნდა ვიკითხოთ: რას გულისხმობს ეს არსებული რეალობა?

ჩემი შეფასებით, ამ ფორმულირებით რუსეთი ცდილობს, ოკუპაცია ისეთ მოცემულობად წარმოაჩინოს, რომლის გადახედვაც ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა აღარ იქნება.

თუ ურთიერთობას აღვადგენთ და კონფლიქტის გამომწვევ მთავარ საკითხს უცვლელად დავტოვებთ, თავისთავად არ გაჩნდება გარანტია, რომ შემდეგ მის მოსაგვარებლად უკეთესი შესაძლებლობა გვექნება. პირიქით, შესაძლოა რუსეთმა ჩათვალოს, რომ საქართველომ არსებულ მდგომარეობასთან თანაცხოვრება მიიღო.

მე მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვარ. მოლაპარაკება საჭიროა, მაგრამ ის სწორედ ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზის მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს. რუსეთის მხრიდან კეთილი ნების გამოხატულებაც ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

საუბარი არ არის იმაზე, რომ ჯერ ყველა პრობლემის სრულად მოგვარებას დაველოდოთ და მანამდე ერთმანეთს საერთოდ არ ვესაუბროთ. მთავარი ისაა, რომ დიალოგში არ დავთმოთ ძირითადი პრინციპი და დეოკუპაცია ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა არ დავტოვოთ.

— თქვენ ახსენეთ კონფედერაციული მოდელების რისკიც. რას გულისხმობთ?

— როდესაც გვესმის ზოგადი დაპირებები, რომ ჯერ ურთიერთობა უნდა დავალაგოთ და შემდეგ ტერიტორიულ პრობლემებსაც მოევლება, აუცილებელია დავაზუსტოთ, კონკრეტულად რა მოდელზეა საუბარი.

მოლდოვასთან დაკავშირებული გამოცდილება აჩვენებს, რა საფრთხე შეიძლება ახლდეს ისეთ მოწყობას, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს მთელი ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის ან ვეტოს შესაძლებლობას აძლევს.

ასეთი მოდელი შესაძლოა გარეგნულად პრობლემის მოგვარებად წარმოჩნდეს, რეალურად კი სახელმწიფოს დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა შეზღუდოს. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავდა საფრთხეს, რომ სეპარატისტულ ძალებს ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაში სამართლებრივად გამყარებული ბერკეტები მიეღოთ.

თუმცა აქვე ხაზგასმით ვიტყვი: ეს შესაძლო რისკის განხილვაა. მოცემულ საუბარში არ ვამტკიცებ, რომ მსგავსი წინადადება ოფიციალურად დგას მოლაპარაკებების დღის წესრიგში.

— შეიძლება თუ არა, მინსკში დაწყებული პროცესები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის დასასრულის დასაწყისად შეფასდეს? 

— დიახ, სრულიად შეიძლება! რუსეთთან მარტო დარჩენა საქართველოს პოზიციას ასუსტებს. რაც უფრო იზოლირებული და მოწყვლადია პატარა სახელმწიფო, მით მეტი შესაძლებლობა აქვს რუსეთს, მასზე ზეწოლა გაზარდოს.

ამიტომ პარტნიორებთან ურთიერთობა არ უნდა განვიხილოთ ისე, თითქოს ვიღაცისგან მფარველს ვირჩევთ. საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა სახელმწიფოს საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას აძლიერებს.

ჩემი შეფასებით, კრემლს დათმობისკენ კი არ უბიძგებს მეორე მხარის სისუსტე, არამედ დამატებითი ზეწოლისკენ. ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობისას მარტო არ დარჩეს და საკუთარი პოზიციები საერთაშორისო მხარდაჭერით გაამყაროს.

ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა

რესპონდენტი: გიორგი კობერიძე, საგარეო პოლიტიკის მკვლევარი