ინტერვიუ მსოფლიო მედიიდან | France 24

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები რუსეთის მიმართ კვლავ იცვლება. ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა ვლადიმირ პუტინს ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პარალელურად, Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია უარს ამბობს რუსეთთან ეკონომიკური გარიგებების გამოყენებაზე, როგორც უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთ მოლაპარაკების ინსტრუმენტზე. გამოცემის ცნობით, მოსკოვისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთავაზებამ რუსეთის პოზიციების შერბილება ვერ უზრუნველყო.

რამდენად სერიოზულად უნდა აღიქვან უკრაინამ და ევროპამ ტრამპის რიტორიკის ცვლილება? რატომ ვერ გაამართლა ეკონომიკურ ინტერესებზე დაფუძნებულმა დიპლომატიამ და მოასწავებს თუ არა ეს ვაშინგტონის სტრატეგიის შეცვლას?

ამ საკითხებზე France 24-ის საერთაშორისო საკითხების რედაქტორი, ქეთევან გორჯესტანი საუბრობს.

ჟურნალისტი: დავიწყოთ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებით. როგორ უნდა გავიგოთ მისი პოზიციის ეს მორიგი ცვლილება?

ქეთევან გორჯესტანი: ეს აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთი მკვეთრი დიპლომატიური შემობრუნებაა და ვლადიმირ პუტინის მისამართით საკმაოდ პირდაპირი გაფრთხილებაა.

ყველაფერი გუშინ, მარ-ა-ლაგოში, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ერთობლივ განცხადებაში რუსეთს მოუწოდეს, თავი შეეკავებინა ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც განზრახ თუ უნებლიეთ ომის გაფართოებას გამოიწვევდა.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გზავნილი კიდევ უფრო გაამყარა. მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ერთობლივი განცხადება გააზიარა და აღნიშნა, რომ ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას დიდი დრო დაუთმო საუბარს იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ ყოველგვარი სამხედრო აგრესიის შეწყვეტას ისურვებდა.

ცხადია, ეს უკრაინელებისა და ევროპელებისთვის პოზიტიური ამბავია. თუმცა მათ კარგად იციან, რადგან მსგავსი რამ არაერთხელ უნახავთ, რომ უახლოეს დღეებში ან კვირებში დონალდ ტრამპი შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს თავის ადრინდელ პოზიციებს, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამებოდა რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის ხედვას.

მით უმეტეს, რომ იმავე დღეს, როდესაც ტრამპი მარკ რუტეს შეხვდა, მისი სიძე, ჯარედ კუშნერი, ერთ-ერთ ამერიკულ პოდკასტში ვლადიმირ პუტინს თავშეკავებისთვის აქებდა.

კუშნერის თქმით, პუტინი დათანხმდა, რომ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებდა და ამერიკული მხარე დაარწმუნა, რომ მსგავსი განზრახვა არ ჰქონდა.

ბევრი აღნიშნავს, რომ თუ თავშეკავებაში მხოლოდ ბირთვული იარაღის გამოუყენებლობას ვგულისხმობთ, შეფასების კრიტერიუმი საკმაოდ დაბალია.

უკრაინელები, ბუნებრივია, ამ შეფასებას არ ეთანხმებიან. ისინი ამბობენ: მართალია, რუსეთი ბირთვულ იარაღს არ იყენებს, მაგრამ თითქმის ყოველდღიურად ბალისტიკური რაკეტებით გვბომბავს.

ევროპელები კი ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებზე მიუთითებენ, რომელთაგან ბოლო პოლონეთში დაფიქსირდა.

ამიტომ ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის ამ, ერთი შეხედვით, ცვლილებას.

შესაძლოა, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რასაც დონალდ ტრამპის შესახებ დიდი ხანია ამბობენ – ის ხშირად ეთანხმება იმ ადამიანს, რომელსაც ბოლოს ესაუბრა. ამ შემთხვევაში კი ეს ადამიანი ნატოს გენერალური მდივანი იყო.

ჟურნალისტი: თუმცა მოსკოვთან მიმართებით უფრო კონკრეტული ნაბიჯიც გადაიდგა – აშშ აღარ იყენებს ეკონომიკური გარიგებების შეთავაზებას რუსეთისთვის ომის დასრულების სტიმულად.

ქეთევან გორჯესტანი: დიახ, ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უკრაინაში ომის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ეკონომიკური გარიგებების გამოყენების იდეაზე უარი თქვას. მათ შორის საუბარია რუსეთის ნავთობის პროექტებში შესაძლო ამერიკულ ინვესტიციებზე.

Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის ორმა მთავარმა მომლაპარაკებელმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ევროპელ ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ ეს მიდგომა აღარ იქნება მათი სტრატეგიის ნაწილი.

ამის მიზეზი ისაა, რომ ამერიკულმა მხარემ დაინახა – აშშ-სთან შესაძლო ეკონომიკური გარიგებების მიუხედავად, რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებულ პოზიციებს არ არბილებდა.

ამას ემატება აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავთან დაკავშირებული შეთანხმებაც, რომელიც ფაქტობრივად ჩიხშია შესული.

რუსული დიზელის გადაადგილების შესახებ რამდენიმე ანალიზის მიხედვით, შეერთებულ შტატებში რუსული დიზელის არცერთი ტვირთი არ გადმოუტვირთავთ.

პროცესში ჩართული მხარეები – ბანკებიდან დაწყებული, პორტების ოპერატორებით დამთავრებული – უარს ამბობენ ამ ტვირთებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, რადგან შესაძლო სამართლებრივი შედეგების ეშინიათ.

მართალია, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან რუსული დიზელის შესახებ შეთანხმება გამოაცხადა, თუმცა შეერთებულ შტატებში კვლავ მოქმედებს კანონი, რომელიც რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტს კრძალავს.

შესაბამისად, კომპანიები და ოპერატორები ამბობენ, რომ არ სურთ ამ რისკის გაწევა.

როგორც ჩანს, ზოგიერთი ტანკერი სხვა ქვეყნებისკენ, მათ შორის ბრაზილიისკენ გადაამისამართეს, რადგან შეერთებულ შტატებში ტვირთის გადმოტვირთვა ვერ მოხერხდა.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მოლაპარაკებების პროცესში გამოყენებული ზოგიერთი ინსტრუმენტი, მათ შორის ე.წ. ბიზნესდიპლომატია, სასურველ შედეგს ვერ აღწევს.

ახლა მთავარი კითხვაა – აიძულებს თუ არა ეს გარემოება აშშ-ის ადმინისტრაციას, რუსეთთან მოლაპარაკებების სტრატეგია შეცვალოს?

წყარო: France 24

ინტერვიუ ინგლისურიდან თარგმნილია და რედაქტირებულია ქართულენოვანი მკითხველისთვის.