როგორ შეცვლის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების ახალი საფასური ბიზნესის ხარჯებს და რამდენად აისახება ეს მომხმარებლის მიერ გადასახდელ ფასზე?
“სინომი რითეილის” დირექტორი რეზო მაღალაშვილი “მაესტროს ბიზნეს თაიმთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი წესით მომსახურების საფასურის გამოთვლა მსხვილი იმპორტიორების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. მისი პროგნოზით, რეგულაციის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში პროდუქცია საშუალოდ დაახლოებით 10%-ით შეიძლება გაძვირდეს. ბიზნესის წარმომადგენელი ასევე საუბრობს კონკურენციის, წინასწარი დეკლარირებისა და სექტორის განვითარების რისკებზე.
– ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურის თითოეულ კილოგრამზე სამი ლარით განსაზღვრა რამდენად ცვლის ბიზნესის საოპერაციო ხარჯებს?
– ამის შესაფასებლად კონტექსტის გაანალიზებაა საჭირო. მხოლოდ იმის თქმა, რომ ადრე საფასური რამდენიმე ასეული ლარი იყო, ახლა კი სამი ლარია, რეალურ სურათს ვერ გვაჩვენებს: ძველ შემთხვევაში ვსაუბრობდით დეკლარაციასთან დაკავშირებულ ფიქსირებულ საფასურზე, ახლა კი თანხა ტვირთის წონის მიხედვით გამოითვლება.
ჩვენი გათვლებით, მსხვილი რითეილერებისთვის ეს ხარჯი დაახლოებით ოცჯერ იზრდება. აქამდე ის ადმინისტრაციული მომსახურებისთვის გადასახდელი, საერთო ხარჯებში შედარებით მცირე კომპონენტი იყო. ახლა კი ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად იქცევა.
სწორედ ამიტომ გვიკვირს, რომ ასეთი მასშტაბის ცვლილება სექტორთან წინასწარი კომუნიკაციის, შეთანხმებისა და გავლენის შეფასების გარეშე განხორციელდა. ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს არსებითი ცვლილებაა და შესაბამის მომზადებას საჭიროებდა.
– შეგიძლიათ განმარტოთ, როგორ განსხვავდება ძველი და ახალი მოდელით მომსახურების ღირებულება?
– ადრე დეკლარაციასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური, პროცედურის მიხედვით, დაახლოებით 100-დან 500 ლარამდე მერყეობდა. განსხვავება დამოკიდებული იყო იმაზე, კომპანია საკუთარი რესურსით ავსებდა დეკლარაციას თუ საბაჟოს მომსახურებას იყენებდა, ასევე, წინასწარ ახდენდა დეკლარირებას თუ ტვირთის შემოსვლის შემდეგ.
წინასწარი დეკლარირება გვაძლევდა შესაძლებლობას, ტვირთი სწრაფად გაგვეფორმებინა და გაყიდვაში დროულად გაგვეშვა.
ახლა, როდესაც საფასური თითოეულ კილოგრამზე სამი ლარით გამოითვლება, მსხვილი ტვირთის შემთხვევაში თანხა ათეულობით ათას ლარს აღწევს. შესაბამისად, ცვლილება მხოლოდ მომსახურების მცირედ გაძვირებას არ ნიშნავს. ის პროდუქციის თვითღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ გაზრდილი ხარჯი მომხმარებელზე გადავიდეს?
– ამ ცვლილებას რამდენიმე ეფექტი ექნება. მომსახურების საფასურის მკვეთრი ზრდა პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის, რაც საბოლოო ფასზეც აისახება. ჩემი ვარაუდით, პროდუქცია საშუალოდ დაახლოებით 10%-ით შეიძლება გაძვირდეს.
ფასების ზრდა მოთხოვნას შეამცირებს. შემცირებული მოთხოვნა კი გაყიდვებსა და მოგებაზე იმოქმედებს, რის შემდეგაც კომპანიებს ხარჯების ოპტიმიზაცია დასჭირდებათ. ეს დასაქმების მიმართულებითაც შექმნის რისკებს და სექტორის განვითარების ტემპს შეანელებს.
ბოლო წლებში ამ სექტორს განვითარების კარგი დინამიკა ჰქონდა. ასეთი მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯი ამ პროცესს საფრთხეს უქმნის.
მომსახურების საფასური, რომელიც აქამდე ერთ-ერთი ყველაზე მცირე დანახარჯი იყო, შესაძლოა სახელფასო და საიჯარო ხარჯების შემდეგ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპონენტად იქცეს.
ასევე გვჭირდება განმარტება, რის მიღწევას ემსახურება ცვლილება. მოჰყვება თუ არა მას საბაჟო მომსახურების გაუმჯობესება, პროცედურების დაჩქარება ან სხვა სარგებელი, რომელიც გაზრდილ დანახარჯს ნაწილობრივ მაინც დააბალანსებს? ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.
– ახალი წესი როგორ იმოქმედებს ადგილობრივ კომპანიებსა და უცხოურ ონლაინპლატფორმებს შორის კონკურენციაზე?
– ჩვენი შეფასებით, პრობლემა ისიც არის, რომ ცვლილება ბაზრის ყველა მონაწილეს ერთნაირად არ ეხება.
ადგილობრივი რითეილერები პროდუქციას ჩვეულებრივი კომერციული იმპორტის წესით შემოიტანენ. უცხოური პლატფორმებიდან მომხმარებლამდე პროდუქცია კი ხშირად ამანათების სახით აღწევს და განსხვავებული რეჟიმით მოძრაობს.
შესაბამისად, ადგილობრივ ბიზნესს დამატებითი ხარჯი უჩნდება, მაშინ როდესაც კონკურენტი არხებისთვის პირობები განსხვავებულია. ეს უთანასწორობას კიდევ უფრო ზრდის და უცხოურ პლატფორმებს ადგილობრივ კომპანიებთან შედარებით უპირატესობას აძლევს.
ასეთი შედეგი არასასურველია როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ისე საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით.
– ადგილობრივ ელექტრონულ კომერციაზეც იგივე გავლენას ელოდებით?
– დიახ. უნდა განვასხვაოთ უცხოური პლატფორმიდან მომხმარებლის მიერ ამანათის გამოწერა და ადგილობრივი ელექტრონული კომერცია.
ადგილობრივი ონლაინმაღაზიების ნაწილი პროდუქციას ჩვეულებრივი კომერციული იმპორტის გზით შემოიტანს და შემდეგ საქართველოში ყიდის. შესაბამისად, მათაც დაეკისრებათ გაზრდილი მომსახურების საფასური.
ამიტომ ცვლილება შეეხება როგორც ფიზიკურ მაღაზიებს, ისე ადგილობრივ ელექტრონულ კომერციას. ორივე შემთხვევაში იზრდება პროდუქციის თვითღირებულება და რთულდება კონკურენცია უცხოურ პლატფორმებთან.
– წინასწარ დეკლარირებასთან დაკავშირებულ რისკებზეც საუბრობთ. კონკრეტულად რა პრობლემა შეიძლება წარმოიშვას?
– ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეს, როგორ იმუშავებს წინასწარი დეკლარირება ახალი საფასურის პირობებში.
ადრე, თუ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ხელახლა წარდგენა ხდებოდა საჭირო, კომპანიას შედარებით მცირე თანხის დაკარგვის რისკი ჰქონდა. ახლა, როდესაც მომსახურების საფასური შესაძლოა ათეულობით ათასი ლარი იყოს, ნებისმიერი პროცედურული გაურკვევლობა გაცილებით დიდ ფინანსურ რისკს ქმნის.
თუ ბიზნესი ამ რისკის გამო წინასწარ დეკლარირებაზე უარს იტყვის, ტვირთი ტერმინალებში უფრო დიდხანს გაჩერდება. ეს გამოიწვევს დაგროვებას, გაფორმების პროცესის გახანგრძლივებასა და გაყიდვების დაწყების შეფერხებას.
ტვირთის გაჩერება გაჩერებულ ფულსაც ნიშნავს. თუ პროდუქცია დროულად ვერ მოხვდა მაღაზიაში, შემოსავლის მიღებაც გვიანდება. ამიტომ ამ ცვლილებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს მთელ მიწოდების ჯაჭვზე და არა მხოლოდ უშუალოდ მომსახურების საფასურზე.
სწორედ ასეთი შედეგების წინასწარ შეფასება იყო საჭირო.
– თუ იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდება, რამდენად შეუძლია ქართულ წარმოებას მისი ჩანაცვლება?
– დღეს ადგილობრივი წარმოება იმ მასშტაბის არ არის, რომ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტს სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს ან ბაზრის მოთხოვნა ჩაანაცვლოს. ამ სექტორში იმპორტზე ძალიან მაღალი დამოკიდებულება გვაქვს.
პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა შეიქმნას წარმოების განვითარების შესაძლებლობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმაზე, როგორ შეუწყობს კონკრეტული პოლიტიკა ადგილობრივ წარმოებას ხელს.
არსებული შესაძლებლობებით, ადგილობრივი წარმოება გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. ამიტომ იმპორტის გაძვირებას ავტომატურად ქართული წარმოების ზრდად ვერ განვიხილავთ.
– მას შემდეგ, რაც ბიზნესმა რეგულაციის შესახებ საჯაროდ დაიწყო საუბარი, ხელისუფლების მხრიდან კომუნიკაცია ან შეხვედრის შეთავაზება ხომ არ ყოფილა?
– ინტერვიუს მომენტისთვის ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა და პრობლემაც სწორედ ეს არის.
სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებზე სექტორთან კონსულტაციის გამოცდილება გვქონია: ცვლილებას განიხილავდნენ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, აფასებდნენ შედეგებს და ბიზნესს მოსამზადებლად დროს აძლევდნენ. ზოგ შემთხვევაში გადასაწყობად დაახლოებით ერთი წელიც იყო გათვალისწინებული.
აქ კი ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ ძალიან მოკლე ვადაში შევიტყვეთ.
თუ გადაწყვეტილება გააზრებული იყო და მისი შედეგებიც დათვლილი ჰქონდათ, გაუგებარია, რატომ არ მოხდა ბიზნესთან გაცილებით ადრე განხილვა. იმედი მაქვს, საკითხი გადაიხედება და სექტორთან დიალოგი დაიწყება.
– რა გამოსავალი იქნებოდა მისაღები ? ძველ სისტემასთან დაბრუნება, ტარიფის შემცირება თუ უფრო მოქნილი მოდელი?
– არსებული მოდელი, ჩემი აზრით, გადასახედია. თუ ძველ სისტემას ჰქონდა პრობლემები, რომელთა შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის, მზად ვართ, ახალი მოდელიც განვიხილოთ.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ტვირთის წონის ზრდასთან ერთად მომსახურების საფასური პირდაპირ პროპორციულად იზრდება. დეკლარანტის სამუშაოს მოცულობა კი ტვირთის წონის პროპორციულად არ იცვლება.
შესაძლებელია ისეთი სისტემის განხილვა, რომელშიც ტვირთის მოცულობის ზრდასთან ერთად საფასურის ზრდის ტემპი შემცირდება, გარკვეულ ზღვარს მიღმა კი თანხა ფიქსირებული დარჩება.
თუმცა ოპტიმალური მოდელი სწორედ კონსულტაციამ და გავლენის შეფასებამ უნდა გამოავლინოს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა სახელმწიფოსა და ბიზნესისთვის მისაღები გამოსავალი ერთად ვიპოვოთ.
– თუ რეგულაცია უცვლელად დარჩა, როდის გამოჩნდება მისი გავლენა ფასებსა და სექტორის განვითარებაზე?
– ჩვენი სექტორი იანვრიდან გარდამავალი, შემდეგ კი გაზაფხულის კოლექციების შემოტანას იწყებს. კომპანიები ახლა ბიუჯეტებს ადგენენ.
თუ ცვლილების პერსპექტივა ვერ დავინახეთ, ბიზნესს გაზრდილი ხარჯის გათვალისწინება მოუწევს და მომავალი წლიდან ახალი პროდუქცია უკვე შეცვლილი ფასებით შემოვა.
ასევე მოსალოდნელია წინასწარი დეკლარირების შემცირება, თუ მასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები გაურკვეველი დარჩება. ამან შეიძლება საბაჟოზე ტვირთების დაგროვება გამოიწვიოს.
ფასების ზრდა გაყიდვებზეც იმოქმედებს და სექტორის განვითარების დინამიკას შეანელებს. ბოლო წლებში ზრდა გვაძლევდა შესაძლებლობას, ახალი ბრენდები შემოგვეყვანა და ინვესტორების ინტერესი გაგვეზარდა.
ამჟამადაც გვაქვს მოლაპარაკებები ბრენდებთან. მათ საქართველოს მარტივ საბაჟო პროცედურებსა და შედარებით დაბალ საგადასახადო წნეხს ვაცნობდით. ვცდილობდით დაგვერწმუნებინა, რომ რეგიონული სადისტრიბუციო ჰაბები აქ გაეხსნათ და საქართველოდან სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებიც მოემარაგებინათ.
ახლა ეს პირობები შეიცვალა და მოლაპარაკებებისას ჩვენი შეთავაზების გადახედვაც გვიწევს.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა