1627 წელს საფრანგეთის სანაპიროზე ტალღებმა ძვირფასი ნივთების გამორიყვა დაიწყო – ბრილიანტების, შავი ხის მერქნის, ფაიფურის, სანელებლების, სპილოს ძვლისა და ამბრის.
ბორდოს სანაპიროსთან ორი პორტუგალიური გემი დაიღუპა. ხომალდები იმდენად დიდი იყო, რომ მათ „მცურავ ქალაქებსაც“ კი უწოდებდნენ.
საზღვაო კატასტროფა მალე საერთაშორისო დავის მიზეზად იქცა. ტვირთის მფლობელები საკუთარი ქონების დაბრუნებას მოითხოვდნენ, სანაპიროს მცხოვრებლები კი ამტკიცებდნენ, რომ უძველესი ჩვეულების თანახმად, ზღვის მიერ გამორიყული ნივთები მათ ეკუთვნოდათ.
საუკუნეების განმავლობაში გემების ჩაძირვა ზოგიერთისთვის ტრაგედიას ნიშნავდა, სხვებისთვის კი მოულოდნელი გამდიდრების შესაძლებლობას წარმოადგენდა.
ვის ეკუთვნოდა ზღვის მიერ გამორიყული ქონება?
ევროპის სანაპირო რეგიონებში საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა ჩვეულება, რომელსაც საფრანგეთში droit du naufrage – გემის დაღუპვის შედეგად დარჩენილ ქონებაზე უფლება – ეწოდებოდა.
ეს ტრადიცია იმდენად გავრცელებული იყო, რომ სანაპირო დასახლებების არქიტექტურაზეც კი ახდენდა გავლენას.
ინგლისელი მწერალი დანიელ დეფო ნორფოლკში მოგზაურობისას აღნიშნავდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას თითქმის არ ჰქონდა ბეღელი, ფარდული ან თავლა, რომელიც დაღუპული გემების ფიცრებითა და ხის კონსტრუქციებით არ იყო აშენებული.
თუმცა ზღვის მიერ გამორიყული ნივთების საკუთრების საკითხი გაცილებით რთული იყო, ვიდრე პრინციპი — „ვინც იპოვა, მას ეკუთვნის“.
ბევრ რეგიონში აღმოჩენილი ქონება არა მის მპოვნელს, არამედ ადგილობრივ ფეოდალს ეკუთვნოდა. ზოგჯერ გემის დაღუპვას გადარჩენილი ადამიანებიც კი კარგავდნენ საკუთარ ქონებას.
როგორ გადაიზარდა საზღვაო კატასტროფა ომში?
ამ პრაქტიკის ერთ-ერთი ცნობილი ისტორიული მაგალითი ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულს უკავშირდება.
1191 წელს მისი ფლოტის რამდენიმე ხომალდი კვიპროსის სანაპიროსთან კატასტროფაში მოჰყვა. კუნძულის მმართველმა რიჩარდის საცოლისა და დის თავისუფლება შეზღუდა და მათთან ერთად გადატანილ ძვირფასეულობას დაეუფლა.
მოვლენები სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც კვიპროსის მმართველმა ტახტი დაკარგა.
ბუნებრივია, არც მდიდარი ვაჭრები და არც მონარქები იყვნენ დაინტერესებული წესით, რომლის თანახმადაც ზღვაში მომხდარი უბედური შემთხვევა მთელი ქონების დაკარგვას ნიშნავდა. გავლენიანი მიწათმფლობელები კი შემოსავლის ამ წყაროს შენარჩუნებას ცდილობდნენ.
საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებასთან ერთად საზღვაო სამართალიც თანდათან იცვლებოდა.
როგორ ჩამოყალიბდა დაკარგული ტვირთის შესახებ კანონები?
საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი დავების შედეგად ერთმანეთისგან განსხვავებული კატეგორიები ჩამოყალიბდა:
-
Flotsam – ნივთები, რომლებიც გემის დაღუპვის შემდეგ წყლის ზედაპირზე ბუნებრივად ამოტივტივდა;
-
Jetsam – ტვირთი, რომელიც გემიდან განზრახ გადააგდეს ხომალდის შესამსუბუქებლად.
თითოეული საზღვაო კატასტროფა სხვადასხვა ინტერესის მქონე მხარეებს შორის რთული მოლაპარაკების საგნად იქცეოდა.
როგორც წესი, ტვირთის მფლობელებს საკუთარი ქონების დაბრუნება შეეძლოთ, თუმცა სანაცვლოდ გარკვეული საფასურის გადახდა უწევდათ.
ზოგისთვის ეს გადარჩენილი ქონების სანაცვლოდ მოთხოვნილი გამოსასყიდი იყო, სხვებისთვის კი – სამართლიანი ანაზღაურება ნივთების მოძიებისა და გადარჩენისთვის.
კანონი, რომელიც ადამიანებს, ძაღლებსა და კატებს იცავდა
1236 წელს ინგლისის მეფე ჰენრი III-მ გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, თუ გემის დაღუპვას ადამიანი, ძაღლი ან კატა ცოცხალი გადაურჩებოდა, ნაპირზე გამორიყული ქონების მპოვნელს ნივთები სამი თვის განმავლობაში უნდა შეენახა.
ამ პერიოდში გადარჩენილებს ან ქონების კანონიერ მფლობელებს დაკარგული ნივთების დაბრუნების მოთხოვნა შეეძლოთ.
თუმცა ამ წესს პოტენციურად სახიფათო მხარეც ჰქონდა – გადარჩენილების არსებობა სანაპიროს მცხოვრებლებს ქონების დაუფლებაში ხელს უშლიდა.
საუკუნეების განმავლობაში ვრცელდებოდა ლეგენდები ადამიანებზე, რომლებიც გემების დაღუპვას გადარჩენილებს განძის ხელში ჩაგდების მიზნით ხოცავდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიული მტკიცებულებები, რომლებიც ამგვარი პრაქტიკის ფართოდ გავრცელებას დაადასტურებდა, მწირია.
ზოგიერთ რეგიონში სამაშველო სამუშაოებიც შემოსავლის მიღების საშუალებად იქცა. მაგალითად, ესტონეთში, სადაც ადგილობრივ ფეოდალებს საფრთხეში მყოფი ხომალდების დახმარებისთვის ჯილდო ეკუთვნოდათ, სამაშველო ოპერაციებს ზოგჯერ მაშინაც იწყებდნენ, როდესაც გემს რეალური საფრთხე არ ემუქრებოდა.
როდესაც გემის დაღუპვა საყოველთაო ძარცვაში გადაიზრდებოდა
განსაკუთრებით ძვირფასი ტვირთის მქონე გემის დაღუპვას ზოგჯერ სანაპირო დასახლებების მოსახლეობას შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვებოდა.
ამის მაგალითია 1641 წელს გემ Golden Grape-ის დაღუპვა.
ისტორიული აღწერების თანახმად, სანაპიროზე პირველად მისული ადამიანები კასრებს ამტვრევდნენ და ქიშმიშით ჯიბეებსა და ქსოვილის ტომრებს ავსებდნენ. ზოგიერთი მათგანი ტანსაცმლის სახელოებსაც კი ტომრებად იყენებდა.
მალე მეზობელი სოფლებიდან ადამიანთა ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც ქიშმიშით სავსე კასრებისა და ზეთის ჭურჭლის წაღებას ცდილობდნენ.
თუმცა მოპოვებული ნადავლის უსაფრთხო ადგილამდე მიტანა ყოველთვის ვერ ხერხდებოდა – უფრო ძლიერი ჯგუფები სხვებს გზაში აჩერებდნენ და ნადავლის ნაწილს ართმევდნენ.
წყალქვეშა განძის მოპოვება და დამონებული მყვინთავები
დაღუპული გემების მთელი ტვირთი სანაპიროზე არ ირიყებოდა. ოქროს, ვერცხლისა და სხვა ძვირფასი ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი ზღვის ფსკერზე რჩებოდა.
თანამედროვე წყალქვეშა აღჭურვილობის შექმნამდე ამ სიმდიდრის ამოღება განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვდა.
ადრეულ ახალ დროში ცურვა ბევრმა ევროპელმა მეზღვაურმაც კი სათანადოდ არ იცოდა. ამის საპირისპიროდ, დასავლეთ აფრიკის სანაპირო რეგიონებში – სენეგამბიასა და ოქროს სანაპიროზე – არსებობდა ცურვისა და ყვინთვის განვითარებული ტრადიცია.
აფრიკელი მყვინთავების განსაკუთრებულმა შესაძლებლობებმა მონებით მოვაჭრეთა ყურადღება მიიპყრო. დამონებულ ადამიანებს ატლანტის ოკეანის სხვადასხვა რეგიონში ჩაძირული გემებიდან ძვირფასი ტვირთის ამოსაღებად იყენებდნენ.
ისტორიკოს კევინ დოუსონის კვლევის თანახმად, აფრიკელი მყვინთავების ცოდნა და გამოცდილება მათ საშუალებას აძლევდა, დაღუპული ხომალდებიდან რამდენიმე ტონა ოქრო, ვერცხლი და სხვა ძვირფასი ნივთები ამოეღოთ.
მათი უნარები იმდენად იშვიათი და მოთხოვნადი იყო, რომ ზოგიერთ დამონებულ მყვინთავს შედარებით უკეთესი საცხოვრებელი პირობების, მეტი დამოუკიდებლობისა და მოპოვებული სიმდიდრის გარკვეული ნაწილის მიღების შესაძლებლობა ეძლეოდა.
თუმცა ეს პრივილეგიები მათ მონობისგან არ ათავისუფლებდა – წყალქვეშა განძის მოპოვებით მიღებული სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კვლავ მათი შრომის ექსპლუატაციით დაინტერესებულ ადამიანებს რჩებოდათ.
გემების დაღუპვის ისტორია მხოლოდ დაკარგული განძისა და საზღვაო თავგადასავლების ისტორია არ არის. ის ასევე ასახავს საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას საკუთრების უფლებების, საერთაშორისო ვაჭრობის, ეკონომიკური ინტერესებისა და ადამიანის შრომის ექსპლუატაციის გარშემო.
წყარო: JSTOR DAILY