ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გადი ეიზენკოტმა, მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, დაუყოვნებლივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის როტაციის ინიციატივით გამოვიდა.
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, პარტია „ლიკუდში“ განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუსა და ეიზენკოტს შორის კოალიციური მოლაპარაკებები კვირას გაიმართება.
ნეთანიაჰუს შეთავაზების თანახმად, მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას თავდაპირველად ეიზენკოტი დაიკავებს, თავად ნეთანიაჰუ კი როტაციის შეთანხმების ფარგლებში ალტერნატიული პრემიერ-მინისტრის ფუნქციას შეასრულებს.
„როგორც ლიდერის პასუხისმგებლობა, ჩემგან მოითხოვს, ყველაფერი გვერდზე გადავდო და დავთანხმდე, რომ თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გადი ეიზენკოტმა დაიკავოს“, – დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში.
კოალიციური მთავრობის ფორმირების პერსპექტივები
ნეთანიაჰუს ინიციატივა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ეიზენკოტმა განაცხადა, რომ ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ გადაწყვეტილებას კანონით განსაზღვრულ ვადაში, 6 დეკემბრამდე გამოაცხადებს და დამატებითი 14-დღიანი ვადით არ ისარგებლებს.
მოსალოდნელია, რომ ეიზენკოტი კოალიციის ჩამოყალიბებას ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებთან შეეცდება, თუმცა მისი ცენტრისტული პარტია „იაშარი“ მოლაპარაკებებს მემარჯვენე „ლიკუდთანაც“ აწარმოებს.
პარასკევს ეიზენკოტმა „ლიკუდი“ კოალიციური მოლაპარაკებების განზრახ გაჭიანურებასა და ახალი არჩევნების ჩატარების მცდელობაში დაადანაშაულა.
ეიზენკოტის პოლიტიკურ ბანაკში აზრთა სხვადასხვაობაა ულტრაორთოდოქსულ და არაბული უმრავლესობის მქონე პარტიებთან თანამშრომლობის, ასევე „ლიკუდთან“ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის საკითხებზე.
ამ დროისთვის „იაშარმა“ კოალიციურ თანამშრომლობაზე შეთანხმებას მემარცხენე „დემოკრატებთან“ და მემარჯვენე პარტია „ისრაელი ჩვენი სახლია“ მიაღწია.
სამ პოლიტიკურ ძალას ერთობლივად 36 მანდატი აქვს, მაშინ როდესაც ისრაელის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებისთვის მინიმუმ 61 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, არაბულ-ისრაელური პარტია „რაამის“ ლიდერი მანსურ აბასი შესაძლოა „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ განცხადებით გამოვიდეს, რაც ეიზენკოტის ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციაში მისი პარტიის გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.
თუმცა ეიზენკოტის ზოგიერთი პოლიტიკური მოკავშირე არაბული პარტიების მხარდაჭერაზე დამოკიდებული მთავრობის ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება.
ნეთანიაჰუს შეთავაზებას კრიტიკულად გამოეხმაურნენ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი და არაბული პოლიტიკური გაერთიანების, „ერთიანი სიის“, ლიდერი იუსეფ ჯაბარინი. ისინი ნეთანიაჰუს ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვენ.
რვა ქვეყანა პალესტინაში არჩევნების ჩატარებას მოითხოვს
პარალელურად, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, ნორვეგიამ და პოლონეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პალესტინის ტერიტორიებზე საპარლამენტო არჩევნების 2027 წლის პირველ სამ თვეში ჩატარების მოწოდებით გამოვიდნენ.
განცხადების თანახმად, არჩევნების ჩატარება აუცილებელია პალესტინის პოლიტიკური ინსტიტუტების დემოკრატიული განახლებისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივის შესანარჩუნებლად.
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები 2027 წლის სექტემბრამდე გადადო. თავდაპირველად არჩევნები 28 ნოემბერს უნდა გამართულიყო.
პალესტინაში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2006 წელს ჩატარდა.
რვა ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პალესტინის ადმინისტრაციის შემდგომი მხარდაჭერა რეფორმებისა და დემოკრატიული განახლების მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.
მაჰმუდ აბასის ადმინისტრაციამ არჩევნების გადადების მიზეზად ისრაელის მიერ შექმნილი დაბრკოლებები და შესაბამისი პოლიტიკური და უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფის აუცილებლობა დაასახელა.
ისრაელი არჩევნების გადადებაზე პასუხისმგებლობას უარყოფს.
წყარო: The Guardian