ჰონდურასში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შემთხვევა კომაიაგუას დეპარტამენტში, ავტომაგისტრალის ციცაბო და მოსახვევებით დატვირთულ მონაკვეთზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი პიკაპს შეეჯახა, რის შემდეგაც ხევში გადავარდა.
ჰონდურასის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ავტობუსის მძღოლი, სამი მამაკაცი და ხუთი ქალი.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მაშველების განცხადებით, ხევში გადავარდნისას მგზავრების ნაწილი ავტობუსიდან გადმოვარდა.
ავტობუსი სატრანსპორტო კომპანია Transporte Carolina-ს ეკუთვნოდა და დედაქალაქ ტეგუსიგალპიდან ქალაქ ლა-ესპერანსას მიმართულებით გადაადგილდებოდა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, შემთხვევა ცენტრალურ ამერიკაში ბოლო პერიოდში მომხდარი ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების სერიის გაგრძელებაა.