„100 წელს შესრულებული და გადაცილებული, თბილისში რეგისტრირებული  მოქალაქეების ფულადი ჯილდო 10- ჯერ გაიზრდება და 10 000 ლარი იქნება“- თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ადამიანს 100 წელი უსრულდება, დედაქალაქის მერია ჯილდოს სახით, 1 000 ლარს გადასცემს. წლების განმავლობაში ასე იყო, წელს კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10-ჯერ გაიზარდოს და 10 000 ლარი გადავცეთ 100 წელს შესრულებულებს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. თბილისის მერიამ გასულ წელს ფულადი დახმარება 1 000 ლარის ოდენობით, 57 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათ შორის, 23-ს ერთი საუკუნე, ხოლო 34-ს, 101 და მეტი წელი შეუსრულდა. მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თანხის მისაღებად, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.” – განაცხადა კახა კალაძემ

ვიდეო