„უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აქცევს მათ და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2025 წლის ინდექსზეა საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.
მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ მტრული რჩება.
ანგარიში ასევე განიხილავს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მას აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას.
„ქვეყანა ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული ფართოდ სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ, რამაც ქვეყანა რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციაში ჩააგდო. ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის მუდმივ კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად მჭიდრო კავშირები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ჩარევის ობიექტია. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.