„გუშინ ეუთო-ს სხდომებზე გაჟღერდა ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-მ ორი დასკვნა გამოაქვეყნა. ერთი იყო შუალედური, სადაც დადებითი შეფასება ჰქონდა. ერთადერთი შენიშვნა ის იყო, რომ პოლარიზებული არის პოლიტიკური ველი და ეს ყველას მოგვეხსენება. მეორე იყო არჩევნების შემდგომი პრესკონფერენცია და ბოლოს შეფასების დოკუმენტი. ეუთო-მ აღიარა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, ხალხს ჰქონდა თავისი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება და ამომრჩევლის ნება იყო ასახული. გამომდინარე აქედან, სწორედ ეუთო-ს დამკვირვებელმაც, შვეიცარიის წარმომადგენელმა, რომელიც უშუალოდ იყო ამ პროცესის მონაწილე, სწორედ ეს განცხადება გააკეთა, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, ჩატარებული და ამომრჩევლის ნება იყო ასახული. სწორედ ეს გაიმეორა ეუთოს გენერალურმა მდივანმაც, რომელმაც ორი რამ გამოყო. ერთი – მან თქვა, რომ საქართველო ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ რომ მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამიტომ საქართველოსთან მიმართებით ცოტა უფრო ღრმა ანალიზი და ღრმა ხედვა სჭირდებათ, ვინც ასეთ ბრტყელ განცხადებას აკეთებს ხოლმე ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. მეორე, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებზე ხალხის ნება იყო სრულად ასახული. ოპოზიციამ 150 კაციან პარლამენტში, 61 მანდატი მიიღო, ანუ 40%-ზე მეტი და როდესაც შენ არ იყენებ ხალხის მიერ მონიჭებულ ამ მანდატს შენ უგულებელყოფ შენს ამომრჩეველს. ეს არის სიმართლე, რომელიც გაჟღერდა, თუმცა იქვე იქნა იმ შვეიცარიელი დელეგატის მიერ აღნიშნული ერთი რამ, რაც მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა არჩევნების შეგები. ჩვენ ვიცით, ვისაც არ მოეწონა – ვინც ჩამოდიოდა აქ და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. რაც არ უნდა ზეწოლა მოახდინონ, რაც არ უნდა პროპაგანდისტული მანქანა ჩართონ შიგნით, თუ გარეთ, სიმართლე არ იმალება, იმიტომ რომ ფაქტად დევს ეს ყველაფერი,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა.