„სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში დებულების შეტანა არის უმნიშვნელოვანესი ივანიშვილის და მისი ბანდის დელეგიტიმაციის გზაზე. ჩვენთვის კარგად უნდა იყოს გასაგები, რომ ივანიშვილის ქართული კოშმარის არაღიარების დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას, რომ აშშ-ში და დასავლეთში საერთოდ არასდროს აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს. ამიტომ, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ლეგიტიმურობის კრიზისიდან და გეოპოლიტიკური ჩიხიდან ქვეყანა გამოვიდეს, არის ამ სისტემის დემონტაჟი. ივანიშვილის პირობებში ეს სისტემა არასდროს იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არცერთი დასავლური, ცივილიზებული სამყაროს მიერ. ყოველთვის იქნება ლეგიტიმურობის იზოლაციის პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე ის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მიერ. ამ ვიზიტის მიზანსაც წარმოადგენს ის, რომ დელეგიტიმაცია დაკანონდეს უფრო ოფიციალურ დონეზე, მათ შორის „მეგობარი აქტი“ გავიდეს. ამ დებულების შეტანის შემდეგ, „მეგობარ აქტს“ ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ გამოვიდეს და ძალიან მალე ვიხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და ივანიშვილის და მისი ბანდის სანქცირების პოლიტიკა და ქართველი ხალხის ბრძოლის მხარდაჭერა.
ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილი არის დასანქცირებული, სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული. ამ პოლიტიკის გაგრძელება გახლავთ ამ დებულების შეტანა. არსებობენ სენატორები, რომელთაც უფრო მეტად აქვთ ფრთხილი პოზიცია, რადგან მათ კარგად არ ესმით ივანიშვილის რუსული ბუნების არსი იმ მხრივ, რომ მისი გამოსწორება, კონსტრუქციულ ფარგლებში გადმოყვანა არის უკვე შეუძლებელი. ამ მხრივ, ყველა რესურსი არის ამოწურული, როგორც ქართველი ხალხის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენის ფაქტს გამოეხმაურა.