დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი წარმოადგენს სტრატეგიულ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე, სოციალური დაცვის გაძლიერებასა და ურბანული მდგრადობის უზრუნველყოფაზე. აღნიშნული ბიუჯეტი მიზნად ისახავს როგორც თბილისის მიმდინარე საჭიროებებზე რეაგირებას, ასევე მისი გრძელვადიანი განვითარების საფუძვლის შექმნას. აღნიშნულის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში განსახილველად წარედგინება თბილისის საკრებულოს. ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რაც 219 823 300 ლარით აღემატება 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს და 110 906 500 ლარით მეტია თავდაპირველად წარმოდგენილ პროექტთან შედარებით.

ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება: მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 533 357 600 ლარს; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი — 630 000 000 ლარს; სხვა კაპიტალური გრანტები, სესხის ფარგლებში დასაფარი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით — 25 480 000 ლარს; ხოლო დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერი — 4 551 100 ლარს.

პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე. კერძოდ, ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 572 920 000 ლარი, რაც ბიუჯეტის საერთო მოცულობის 26 პროცენტს შეადგენს. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 601 712 500 ლარის გამოყოფა, რაც 2025 წელთან შედარებით 67 859 100 ლარით მეტია და ბიუჯეტის 27 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 168 000 000 ლარის დონორული დაფინანსება. 2026 წელს დაგეგმილია რიგი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების დაწყება და გაგრძელება, მათ შორის: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა; სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზის მოწყობა; რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია; ახალი ხიდების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება; სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების განვითარება; სკვერებისა და პარკების მოწყობა და რეაბილიტაცია; ასევე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების გაუმჯობესება.

დამატებით, მთავრობის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რაიონული დაფინანსების ზრდაზე. აღნიშნული მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 298 933 900 ლარი, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 24 095 100 ლარით მეტია და დაფინანსების ზრდას უზრუნველყოფს თბილისის ყველა რაიონში.