ირანში მიმდინარე მოვლენებს ოპტიმისტურად აფასებს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი შეფასებით, ქვეყანაში რეჟიმის შესაძლო ცვლილება დადებითად აისახება როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე, ისე საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებზე.
შეშელიძემ ამის შესახებ „მაესტროს“ გადაცემაში „ბიზნეს თაიმი“ ისაუბრა. მისი თქმით, ირანში პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში ქვეყანა შეიძლება მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად იქცეს მრავალი სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც.
ეკონომისტის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება ნავთობის მიწოდების ლეგალიზაცია, რაც საერთაშორისო ბაზარზე ვითარებას გაამარტივებს.
„თუ ირანში რეჟიმი შეიცვლება, ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება. პირველ რიგში, ნავთობის მიწოდება ლეგალური გახდება, რაც ბევრ ქვეყანას გაუმარტივებს მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში ირანი შეიძლება გახდეს ძალიან სერიოზული პარტნიორი ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. შესაძლებელია გაზის იმპორტი, ნავთობის შემოტანა და ამ მიმართულებების განვითარება. ბევრი პერსპექტივა გაიხსნება,“ – განაცხადა პაატა შეშელიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი საქართველოსთან გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს, ამჟამად ორ ქვეყანას შორის საკვანძო ენერგეტიკულ მიმართულებებში ვაჭრობა ფაქტობრივად არ არსებობს.
„დღეს ძირითადად დამოკიდებული ვართ აზერბაიჯანზე და რუსეთზე, ხოლო ირანში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში საქართველოს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება,“ – აღნიშნა შეშელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირანში განვითარებულმა მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ზღვარზე მიიყვანა. 28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი საჰაერო იერიშის შედეგად თეირანში დაიღუპა ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.