როგორც წესი, ყავის მოხმარება სიფხიზლის ზრდასთან ასოცირდება, თუმცა თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ მას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს მენტალურ ჯანმრთელობაზეც. ახალი მონაცემების მიხედვით, ყავა არა მხოლოდ ენერგიის მატებას უწყობს ხელს, არამედ შეიძლება ამცირებდეს მღელვარებისა და დეპრესიის განვითარების რისკსაც. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რაოდენობას — რამდენი ყავა უნდა დავლიოთ ოპტიმალური ეფექტისთვის.
ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მიზნად დაისახეს წინა კვლევების ურთიერთ გამომრიცხავი დასკვნების დაზუსტება და იმის გარკვევა, იცავს თუ არა კოფეინის მოხმარება განწყობისა და სტრესული აშლილობებისგან.
კვლევა ეფუძნებოდა მასშტაბურ მონაცემებს — 461,586 ადამიანის ჩანაწერებს, რომელთაც კვლევის დასაწყისში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდათ. მონაწილეებს საშუალოდ 13.4 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათი მიერ მოხსენებული ყავის მოხმარება შეადარეს მომავალში დადგენილ დიაგნოზებს.
მონაცემების ანალიზმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ტენდენცია: ყავის მოხმარებასა და მენტალურ აშლილობებს შორის დაფიქსირდა კავშირი. აღმოჩნდა, რომ დღეში 2–3 ჭიქა ყავა დაკავშირებული იყო ყველაზე დაბალ რისკთან, მაშინ როცა ყავის საერთოდ არ მიღება ან მცირე რაოდენობით სმა ნაკლებად ეფექტური იყო. ამასთან, დღეში ხუთი და მეტი ჭიქის მოხმარება უკვე ზრდიდა განწყობის აშლილობების განვითარების რისკს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზომიერი მოხმარება შესაძლოა იყოს მენტალური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ოპტიმალური ბალანსი.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ აღნიშნული კავშირი უცვლელი რჩებოდა ყავის სხვადასხვა ტიპის შემთხვევაში – დაფქული, ხსნადი და უკოფეინო ყავაც კი მსგავს შედეგებს აჩვენებდა. საინტერესოა, რომ დადებითი ეფექტები უფრო მკვეთრად გამოვლინდა კაცებში, ვიდრე ქალებში.
მკვლევრებმა გაითვალისწინეს მრავალი დამატებითი ფაქტორი, მათ შორის ასაკი, განათლება, ფიზიკური აქტივობა და თანმხლები ჯანმრთელობის მდგომარეობები, რამაც გაზარდა იმის ალბათობა, რომ განსხვავება მართლაც ყავის მოხმარებას უკავშირდებოდა.
თუმცა, კვლევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამტკიცებას ვერ ახერხებს. მონაწილეებს ყავის სმის ჩვევების შესახებ მხოლოდ ერთხელ ჰკითხეს — კვლევის დასაწყისში — და ამის მონიტორინგი აღარ ხდებოდა დროთა განმავლობაში.
მკვლევრებმა გენეტიკური ანალიზებიც ჩაატარეს და გამოავლინეს მონაწილეები, რომელთა გენებიც მიუთითებდა, რომ ისინი კოფეინს განსხვავებულად ამუშავებდნენ. მიუხედავად ამისა, ამ გენეტიკურმა განსხვავებებმა კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა.
ცნობილია, რომ კოფეინი მრავალ ბიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰქონდეს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი თავის ტვინის იმ სისტემებზე, რომლებიც განწყობასა და სტრესთანაა დაკავშირებული. წარსულში ჩატარებული კვლევებიც მიუთითებს, რომ მსგავსი მექანიზმები შეიძლება იცავდეს ტვინს სხვადასხვა დაავადებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კვლევაში ტვინზე პირდაპირი გავლენა არ გაზომილა, მიღებული შედეგები მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს ყავის შესაძლო ზემოქმედების შესახებ.