1 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან ევროკავშირიდან ავტომობილებისა და სატვირთოების იმპორტზე ტარიფი 15%-დან 25%-მდე გაიზრდება. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი არის ევროკავშირის მიერ ვაშინგტონთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობა.

ამ ნაბიჯს ევროპელი პოლიტიკოსებისა და სავაჭრო ჯგუფების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ერთ-ერთმა ევროპელმა ეკონომისტმა ბრიუსელსა და გერმანიის მთავრობას მოუწოდა, „ბოლოს და ბოლოს გამოიჩინონ სიმტკიცე“ და საპასუხო ტარიფები დააწესონ.

ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი არ შეასრულებს შეთანხმებას, ტარიფები გაიზრდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროპული კომპანიები წარმოებას აშშ-ში გადაიტანენ, ტარიფი არ იარსებებს.

მისივე განცხადებით, გაზრდილი ტარიფები ევროპელ ავტომწარმოებლებს აიძულებს, წარმოება უფრო სწრაფად გადაიტანონ ამერიკაში, რაც აშშ-ის ეკონომიკაში მილიარდობით დოლარის შემოსვლას გამოიწვევს.

ევროკომისიამ ტრამპის ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ბრიუსელი სრულად ასრულებს შეთანხმებას. მათ ასევე გააფრთხილეს, რომ თუ ვაშინგტონი ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს, ევროკავშირი საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს.

ტრამპის გადაწყვეტილება დაემთხვა აშშ-სა და ევროკავშირს შორის დაძაბულ ფონს, რომელიც დაკავშირებულია ირანის ომთან დაკავშირებულ ესკალაციასთან და ჰორმუზის სრუტის საკითხზე ევროპული ქვეყნების პოზიციასთან. ამავე პერიოდში ტრამპმა გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში ამერიკული ჯარების შემცირებითაც დაიმუქრა. ეს განცხადებები მოჰყვა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის შეფასებას, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ირანი აშშ-ს „ამცირებს“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების სავაჭრო კანონის საფუძველზე ავტომობილების გლობალურ იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. თუმცა აგვისტოში ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ეს მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდა.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი დათანხმდა, გაეუქმებინა გადასახადები აშშ-ის ინდუსტრიულ საქონელზე, მათ შორის ავტომობილებზე, და მიეღო ამერიკული უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის სტანდარტები. შეთანხმება უფრო ფართო ეკონომიკური პაკეტის ნაწილი იყო, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი თანხმდებოდა აშშ-ის 15%-იან ტარიფს თითქმის ყველა პროდუქტზე და საკუთარი გადასახადების უმეტესობის გაუქმებას ამერიკულ საქონელზე.

ევროპაში ეს შეთანხმება პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა ევროპელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ იგი კომპანიებს შემდგომი ფასების ზრდისგან დაიცავდა.