საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების ოდენობა გაიზარდა. ცვლილება მთავრობის 2026 წლის 4 მაისის №181 დადგენილებაში აისახა და მიზნად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდაჭერას ისახავს.
დოკუმენტის მიხედვით, სუბსიდირების თანხა 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე 5 თეთრით გაიზარდა. აქამდე მოქმედი ტარიფით დახმარება 3.5 თეთრს შეადგენდა, ახალი ცვლილებით კი სუბსიდია 8.5 თეთრამდე გაიზარდა.
მთავრობის დადგენილებით, ახალი პირობები გავრცელდება იმ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. შეღავათი შეეხება საქართველოს რეგიონებს, თბილისის გარდა.
რაც შეეხება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორიას, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია, თუმცა არ აღემატება 150 000-ს, მათთვის სუბსიდირების პროგრამა რეგიონებში 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისში კი აღნიშნული შეღავათი 2026 წლის 31 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
დახმარება ყოველთვიურად მოხმარებულ არაუმეტეს 200 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე გაიცემა. დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა და მისი მოქმედება 2026 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზეც ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5 თეთრით გაიზარდა. ამასთან, მეწარმეებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დამატებით 5-6 თეთრით გაძვირდა.