დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სარეგისტრაციო პლატფორმაზე 2025 წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილი სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წელს სააგენტოს მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სერვისების ხელმისაწვდომობისა და გეოგრაფიული დაფარვის გაფართოებას უკავშირდება.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეთა მომართვიანობა 59%-ით გაიზარდა. რეგისტრირებულთა შორის 62% ქალი იყო, ხოლო 13.4% — ახალგაზრდები.

მისივე განცხადებით, 2025 წელს ამოქმედდა სამუშაოს მაძიებელთა ახალი პორტალი — work.net, რომელიც ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში მუშაობს. პლატფორმის სრულად განვითარება და დანერგვა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მოთხოვნად პროგრამად რჩება ანაზღაურებადი სტაჟირებაც. 2025 წელს სტაჟირების ანაზღაურება გაიზარდა და 500 ლარი გახდა. პროგრამაში 42 დამსაქმებელი ჩაერთო, ხოლო 224 სტაჟიორიდან 129 კომპანიებმა გრძელვადიანად დაასაქმეს.

ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ 2025 წელს სააგენტოს სისტემაში 14 600-ზე მეტი ვაკანსია აიტვირთა. სააგენტომ 800-ზე მეტ კერძო დამსაქმებელთან ითანამშრომლა, ასევე ჩატარდა 6 მასშტაბური დასაქმების ფორუმი, რომელსაც 900-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დაესწრო.

მისივე თქმით, სისტემას დაემატა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების რეგისტრაციის ფუნქციაც. ამ დროისთვის პლატფორმაზე 23 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა რეგისტრირებული, რაც სახელმწიფოს შრომის ბაზრის უკეთ კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.

რაც შეეხება საზღვარგარეთ დასაქმებას, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ცირკულარული მიგრაციის პროგრამის ფარგლებში გერმანიაში დაახლოებით 1500 საქართველოს მოქალაქე გაიგზავნა სამუშაოდ.