ანტიკურ რომში გლადიატორები მხოლოდ არენაზე მებრძოლი მონები არ იყვნენ – ისინი სპეციალურად გაწვრთნილ, ძვირად ღირებულ და ხშირად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მყოფ ადამიანებად ითვლებოდნენ. სწორედ ამიტომ, გლადიატორთა ბრძოლებში მონაწილეთათვის სპეციალური სკოლები ფუნქციონირებდა, სადაც მოხვედრა საკმაოდ რთული იყო.

ელიტურ სკოლებს საკუთარი წესები და მომზადების პროგრამები ჰქონდათ. მომავალი მებრძოლები ჯერ დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ, შემდეგ კი ყოველდღიურად უწევდათ საკუთარი შესაძლებლობებისა და გამძლეობის დამტკიცება. სკოლებისთვის წარმატებული გლადიატორი მნიშვნელოვანი „ინვესტიცია“ იყო, ამიტომ მათ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ.

საინტერესოა, რომ როგორც ელიტურ სკოლებში მცხოვრები მებრძოლები, ისე დილეგის მონები, თითქმის ერთნაირი რაციონით იკვებებოდნენ. დიეტა მდიდარი იყო ცილებითა და ნახშირწყლებით, რათა მებრძოლებს ძალა და გამძლეობა შეენარჩუნებინათ. ალკოჰოლური სასმელები კი მკაცრად აკრძალული იყო.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ყოფილი ჯარისკაცები და ლეგიონერები დამატებით მომზადებას თითქმის არ საჭიროებდნენ, რადგან საბრძოლო გამოცდილება უკვე ჰქონდათ. თუმცა გლადიატორობა მხოლოდ მონების საქმე არ ყოფილა – ხშირად არენაზე შეძლებული ოჯახების შვილები და სენატორებიც გამოდიოდნენ, რათა საკუთარი სიმამაცე და შესაძლებლობები ეჩვენებინათ.

გლადიატორების ცხოვრება მხოლოდ ბრძოლას არ მოიცავდა. სკოლების მფლობელები მათ ჯანმრთელობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, რადგან გამოცდილი მებრძოლი დიდ შემოსავალს ნიშნავდა. გლადიატორები კვირაში სამჯერ აბაზანას იღებდნენ, სარგებლობდნენ მასაჟით და რეგულარულად იტარებდნენ სამედიცინო შემოწმებას.

მებრძოლებს შორის ძლიერი ძმობაც არსებობდა. ისინი საკუთარ თავს ერთიან საზოგადოებად აღიქვამდნენ და ზოგჯერ სპეციალურ გაერთიანებებს – ე.წ. კოლეგიებსაც ქმნიდნენ. ამ ორგანიზაციებს ჰყავდათ ლიდერები, რომლებიც ტრადიციების დაცვას აკონტროლებდნენ და დაღუპული გლადიატორების დაკრძალვას აწყობდნენ. თუ გარდაცვლილ მებრძოლს ოჯახი ჰყავდა, კოლეგია მის ცოლსა და შვილებს ფინანსურად ეხმარებოდა.

ისტორიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვეულ ბრძოლებში მხოლოდ ყოველი მეხუთე გლადიატორი იღუპებოდა, თუმცა ეს არ ეხებოდა კოლიზეუმში გამართულ ბრძოლებს – იქ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად იმპერატორი იღებდა.