საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დაშლისას წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო შერევის კანონიერების საკითხზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება აწარმოონ.

ამ საკითხზე ორგანიზაციამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. უფლებადამცველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოების დაწყებიდან ოთხი თვე გავიდა, ხოლო მოვლენებიდან დაახლოებით წელიწადნახევარი, საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე არ გაუციათ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე.

საია-ს ინფორმაციით, საქმეზე ამ ეტაპზე არცერთი პირი დაზარალებულად არ არის ცნობილი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხოს მაღალი თანამდებობის პირები და უშუალო შემსრულებლები.

ამასთან, საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, განმარტოს, რა სამართლებრივი საფუძვლით ხდებოდა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენება საპროტესტო აქციების დროს.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს და მოითხოვს როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ გარემოებებზე სრულყოფილ პასუხებს.