საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგის სასამართლო) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე „ქართული ოცნების“ საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა.

საიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2026 წლის იანვარში დაიწყო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვა, რომელიც შეეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭისყრის ფარულობის შესაძლო მასობრივ დარღვევასა და საარჩევნო დავებზე ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობას.

საიას განცხადებით, აღნიშნული საქმე სამართლებრივი მნიშვნელობით პრეცედენტულია, რადგან სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს სახელმწიფოს ვალდებულებები ხმის ფარულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მათ შორის თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პირობებში.

ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები, რამაც, მათი თქმით, კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევა გამოიწვია. საია ასევე მიუთითებს, რომ საარჩევნო დავების განხილვის პროცესში მოქალაქეებს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდათ.

საიას განმარტებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ 2024 წლის არჩევნებზე ფარულობის დარღვევა ცალკეული ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა და პრობლემას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ორგანიზაციის მტკიცებით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ, ბიულეტენებზე მარკერის მელნის გაჟონვამ და ბიულეტენზე კანდიდატების განლაგებამ შესაძლოა ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა შექმნა.

საია სტრასბურგის სასამართლოს ყურადღებას ასევე ამახვილებს 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონულ საარჩევნო ყუთებზე სპეციალური „საფარები“ დაამონტაჟა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ 2024 წლის საარჩევნო პროცესში ფარულობასთან დაკავშირებით არსებული პრეტენზიები საფუძვლიანი იყო.

ორგანიზაცია ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ინდივიდუალურ ამომრჩეველს პრაქტიკულად არ აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოში დამოუკიდებლად გაასაჩივროს არჩევნების პროცედურული დარღვევები.

საიას განცხადებით, მომჩივნებმა ამოწურეს ყველა ხელმისაწვდომი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება და ამის შემდეგ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქმე შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებულ უფლებებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ თავისუფალი არჩევნების ჩატარება ფარული კენჭისყრით და ისეთი პირობებით, რომლებიც ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვას უზრუნველყოფს.