პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში მოქალაქეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, უკანონოდ დაეუფლნენ მის პირად ნივთებსა და თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.