ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი დავით ვარდიაშვილი წარუდგინა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვრივიშვილმა ვარდიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მინისტრმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილ ხელმძღვანელს, ვანო ზარდიაშვილს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
სამინისტროს ცნობით, დავით ვარდიაშვილს საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ფინანსური დირექტორისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრისა და დირექტორის პოზიციებს იკავებდა.
2022-2025 წლებში ვარდიაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, 2016-2017 წლებში კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ასევე, 14 წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში.
დავით ვარდიაშვილს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი აქვს მინიჭებული. ის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსია და სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.