გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალის წარდგენამდე გამოძიებას ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ბურჭულაძემაც.
პროკურატურის განცხადებით, ვასილ მხეიძე გამოძიებას თანამშრომლობის სურვილით 2026 წლის 12 აგვისტოს დაუკავშირდა და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქმე 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის ჩატარებულ სამ საიდუმლო შესყიდვას ეხება. პროკურატურის ვერსიით, შესყიდვების შედეგად სამედიცინო აპარატურისა და სხვა ინვენტარის ღირებულება ხელოვნურად გაიზარდა.
უწყების ცნობით, სამი შესყიდვის ფარგლებში 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე საქონელი 18 484 960 ლარად იქნა მიწოდებული, რის შედეგადაც სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
პროკურატურის მტკიცებით, ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს შესყიდვების საერთო სახელშეკრულებო ღირებულების დაახლოებით 10%, ჯამში 1.9 მილიონი ლარი გადასცა. აქედან 400 ათასი ლარი მხეიძემ დაიტოვა, ხოლო 1.5 მილიონი ლარი ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა. უწყების განცხადებით, ბურჭულაძემ თანხიდან 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 750 ათასი ლარი ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.
ღარიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში ფიგურანტი სხვა პირები უკვე მსჯავრდებულები არიან, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
უწყება აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს, რადგან ყოფილი პრემიერი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე სასჯელს უკვე იხდის.