საქართველოს გენერალური პროკურატურა განმარტავს ქრთამის აღების სქემას, რომელშიც, უწყების მტკიცებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად 2022 წელს ჩატარებულ სამ საიდუმლო შესყიდვას ეხება.

უწყების განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 ათასი ლარი მიიღო, ხოლო სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ქონებრივმა ზიანმა 6 985 255 ლარი შეადგინა.

პროკურატურის ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძე დაუკავშირდა ბიზნესმენს და მას შესთავაზა ისეთი შესყიდვის პირობების შექმნა, რომელიც მასთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას უზრუნველყოფდა. სანაცვლოდ ბიზნესმენს სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდი ფულის სახით გადახდა მოეთხოვა.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა დამატებითი გარანტიები მოითხოვა, ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომ შესყიდვები შესაბამისი კომპანიის სასარგებლოდ ჩატარდებოდა და სანაცვლოდ ისინი ფინანსურ სარგებელს მიიღებდნენ.

პროკურატურის განცხადებით, სამი საიდუმლო შესყიდვის შედეგად 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი 18 484 960 ლარად იქნა შეძენილი.

უწყების ინფორმაციით, ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს ეტაპობრივად 1.9 მილიონი ლარი გადასცა. აქედან 400 ათასი ლარი მხეიძემ დაიტოვა, ხოლო 1.5 მილიონი ლარი ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა. პროკურატურის მტკიცებით, ბურჭულაძემ 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 750 ათასი ლარი ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

ღარიბაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე წარედგინა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, საქმეში ფიგურანტი სხვა მოხელეები უკვე მსჯავრდებულები არიან. მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

უწყების განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობით მიმართავენ, რადგან ყოფილი პრემიერი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე სასჯელს უკვე იხდის.