სუს-ის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა გრიგოლ ლილუაშვილმა შესაძლოა სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მარიამ გოგორელიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ლილუაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და შესაძლოა, სასამართლოს წინაშე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
„რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის ალაპარაკებას, თუ თქვენ გულისხმობთ სასამართლო სხდომაზე დაკითხვას, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. სასამართლოს სხდომაზე მისცემს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი ჩვენებას – შესაძლოა, ჩვენება მისცეს კიდეც, ვინაიდან ის თავს უდანაშაულოს ცნობს, არ ჩაუდენია დანაშაული“, – განაცხადა გოგორელიანმა.
ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს, რის შემდეგაც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. მისივე თქმით, დაცვის მხარეს საქმეზე მრავალი მოწმის დაკითხვა აქვს დაგეგმილი.
გოგორელიანმა ასევე განაცხადა, რომ ლილუაშვილს არ მიუღია ისეთი წერილი, როგორიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და მას „ქართულ ოცნებასთან“ არაფორმალური მოლაპარაკებები არ ჰქონია.
ადვოკატის განცხადებით, ლილუაშვილი არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მათ შორის არც რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებულ საქმეში.
რაც შეეხება გამოძიების ვერსიას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ლილუაშვილის კაბინეტში თანხას მიჰქონდა, ადვოკატი ამტკიცებს, რომ თანხა სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელთან არ მიდიოდა.
„ნამდვილად არ მიდიოდა. ბატონ რომეოს სავარაუდოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა. ალბათ მასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს კიდეც მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.