„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი ლევან სამუშია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას კორუფციაში ახრჩობს. ასე გამოეხმაურა ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას.
სამუშიას თქმით, ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა, ხომ არ გამოიყენება სამართალი კლანური ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკური ზეწოლისთვის.
„ქართული ოცნება“ არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მშვიდობის სახელით ქვეყანას უბედურება მოუტანა. უბედურებაა ის კორუფცია, რა კორუფციაშიც ჩაახრჩო ქვეყანა“, – განაცხადა სამუშიამ.
მისი თქმით, ქვეყანაში დღეს კლანებს შორის დაპირისპირებაა, რის ფონზეც კორუფციის ფაქტები ხდება საჯარო.
„ჩვენ ვხედავთ დღეს კლანებს შორის დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების შედეგად წამოტივტივდა ის კორუფციული ფაქტები ზედაპირზე, რა კორუფციულ ფაქტებსაც ვხედავთ“, – აღნიშნა მან.
სამუშია ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, საიდან ჰქონდა ღარიბაშვილს ინფორმაცია შესაძლო ახალი ბრალის შესახებ, რადგან ყოფილი პრემიერი პატიმრობაში იმყოფება.
„ხომ არ ხდება სამართლის გამოყენება ამ შემთხვევაში კლანური ინტერესებიდან გამომდინარე ზეწოლისთვის, ვინაიდან, საიდან იცოდა მაშინ ღარიბაშვილმა წინასწარ, რომ მას შესაძლოა ბრალი წარდგენოდა? პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა, საიდან იცოდა ამის შესახებ?“ – განაცხადა სამუშიამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.