განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მას აქვს განცდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო დღეებში გავრცელებული წერილებით მისთვის ახალი ბრალდებების გადაფარვას ცდილობდა.

მიქანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კორუფციასთან ბრძოლაში შეუვალია და მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობა ეკავა ან უკავია კონკრეტულ პირს.

„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია ის, რომ გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც ამ კორუფციაში იყვნენ ჩართულები, მიუხედავად იმისა, მას რა თანამდებობა ეკავა თუ უკავია. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვართ შეუვალი კორუფციასთან ბრძოლაში“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, ღარიბაშვილის მიმართ ამ ეტაპზე მხოლოდ ბრალდებაზეა საუბარი და უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, წინასწარ შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ წერილებს, მიქანაძემ აღნიშნა, რომ ისინი, მისი შეფასებით, „სპეკულაციური“ იყო.

„მე მაქვს განცდა, რომ სწორედ ამ წერილებით ის ცდილობდა ახალი ბრალდებები გარკვეულწილად გადაეფარა და სპეკულირება მოეხდინა. ეს არის, რაც ჩანს, თუმცა გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ეს არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.