აშშ-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა, – ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, უწყებამ ყველა ქვეყანაში, აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში, გლობალური სასწავლო პროგრამა დაიწყო. ამის გამო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებული გასაუბრებების განრიგი აღნიშნული პროგრამის შესაბამისად შეიცვლება.
სახელმწიფო დეპარტამენტში სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. უწყების განმარტებით, პროგრამის მიზანია საკონსულო ოფიცრების მომზადება, რათა მათ შეძლონ იმ განმცხადებლების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა ვიზის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული გახდნენ.
Financial Times-ის ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებსაც აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გასაუბრება უკვე ჰქონდათ დანიშნული, ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ შეხვედრები გადაიდო. ახალი თარიღის შესახებ მათ მოგვიანებით შეატყობინებენ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზების გაუქმებას იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშშ-ში ტურისტული ან ბიზნესვიზებით შევიდნენ და შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადი შეიტანეს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა 200 000-მდე ადამიანს შეეხოს.
„თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ვიზის მიღება თაღლითობას წარმოადგენს, რაც ვიზის გაუქმების საფუძველს ქმნის“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ტომი პიგოტმა.