რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, N47 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი I-VI კლასებისთვის 09:00 საათზე, VII-X კლასებისთვის კი 12:00 საათზე დაიწყება. XI-XII კლასების მოსწავლეები სასწავლო პროცესს დისტანციურად გააგრძელებენ.
რაც შეეხება თბილისის კლასიკურ გიმნაზიას, V-IX კლასების მოსწავლეებისთვის სწავლა 10:00 საათზე, I-IV კლასებისთვის კი 14:00 საათზე დაიწყება. X-XII კლასების მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.
უწყების განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყების დროები ორივე სკოლაში ისეა განსაზღვრული, რომ მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას ამ დროებითი დისკომფორტის გამო და მადლობას ვუხდით მოთმინებისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების საკითხი დეტალურად განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა მინიმუმამდე შემცირებულიყო.
„აღნიშნული ეხება მხოლოდ პირველ კლასიკურ გიმნაზიასა და N47 საჯარო სკოლას. ეს შეეხება პირველ კლასიკურ გიმნაზიაში X-XII, ხოლო N47 სკოლაში XI-XII კლასების მოსწავლეებს. რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება სასწავლო პროცესი“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, ორივე სკოლაში დანარჩენი კლასების მოსწავლეები, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, ფიზიკურად გააგრძელებენ სწავლას, რომლის შესახებაც სკოლის ადმინისტრაციები მშობლებს წინასწარ მიაწვდიან ინფორმაციას.