ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯარა ამ ეტაპზე ღიაა და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში კითხვაზე, ხედავს თუ არა უკრაინას ევროკავშირის წევრად, სტუბმა უპასუხა: „დიახ, ვხედავ. აბსოლუტურად“.

მისი თქმით, უკრაინამ მოთმინება უნდა გამოიჩინოს, რადგან ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც წესი, ნელა მიმდინარეობს.

„ეს ყოველთვის იმედგაცრუებას გამოიწვევს. ახლა შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე, თუ რომელი კლასტერია ღია და რომელი არა. თუმცა, საბოლოო ჯამში, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება და ეს, ჩემი აზრით, ამ ომის საუკეთესო შედეგი იქნება“, – განაცხადა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინისთვის შესაძლებლობების ფანჯარა სწორედ ახლა გაიხსნა. მისი თქმით, ომის დაწყებამდე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ნაკლებად სავარაუდო იყო, ხოლო ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი სერიოზულად არ განიხილებოდა.

„თქვენი გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყებოდა ომის გარეშე და არა მგონია, ვინმეს სერიოზულად განეხილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ომის გარეშე. ასე რომ, შესაძლებლობების ფანჯარა ახლა არსებობს“, – აღნიშნა სტუბმა.

ამასთან, სტუბმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება და უკრაინას მოთმინებისკენ მოუწოდა.

„ევროკავშირი უტოპია არ არის. ის სრულყოფილი არ არის. როდესაც ევროკავშირს შეუერთდებით, გახსოვდეთ: ეს ამბის დასასრული არ არის. ცხოვრება მხოლოდ მწვანე მინდვრები, ყვავილები, მშვიდობის ნიშნები და ცისარტყელები არ იქნება. ევროპა მკაცრი კლუბია“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.