პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მდებარე საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხანძარი სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილების მესამე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის გაჩენის დროს განყოფილებაში 16 ახალშობილი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათგან მხოლოდ ერთი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კონდიცირების სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყება და პასუხისმგებელი პირების დასჯა შესაბამის უწყებებს დაავალა.