სპეციალური პენიტენციური სამსახური ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ირაკლი ნადირაძის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და მას ცრუ და ცილისმწამებლურს უწოდებს.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ირაკლი ნადირაძე კიდევ სამ მსჯავრდებულთან ერთად ოთხადგილიან საკანშია განთავსებული. უწყების განმარტებით, მისი განთავსება კანონმდებლობისა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების შესაბამისად მოხდა.
„ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების სრული დაცვით“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ირაკლი ნადირაძეს ან მასთან ერთად საკანში განთავსებულ სხვა მსჯავრდებულს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს.
უწყება ასევე აცხადებს, რომ ნადირაძეს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს და მას სატელეფონო საუბრისა და პაემნის უფლებით სარგებლობა შეუძლია.
„შესაბამისად, შეუფერხებლად შეუძლია გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
უწყების შეფასებით, სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
პენიტენციური სამსახური ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მეშვეობით სხვა დროსაც გავრცელებულა, მათი შეფასებით, მცდარი ინფორმაცია სხვა ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების შესახებ, რაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებოდა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამგვარი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და გაითვალისწინონ, რომ მსგავსი სახის განცხადებებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს უთანხმოება მსჯავრდებულებს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირაკლი ნადირაძეს გლდანის ციხეში საკანში ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი შეუსახლეს. სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ნადირაძის დაშინება და მასზე ფიზიკური ზემოქმედება შეიძლება იყოს.