საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია მომავალ კვირას, 1-ელ სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა გაიხსნას. სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყება.

საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომელიც მთავრობის დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

მთავრობის ინიციატივით, უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

ამასთან, მთავრობის შემადგენლობაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნება. აღნიშნულ პოსტს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფისგან დაცვის მიზნით ახალი სამართლებრივი რეგულაციების მიღებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება ასევე საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომამდე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება.