შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

პოლიციის მიერ ამოღებულ ნივთებს შორისაა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი სხვადასხვა მოდელის პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, მცირე კალიბრის ორი შაშხანა, ტროტილი, ხელყუმბარა, ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სამი ე.წ. მაყუჩი, სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.