რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზმა“ უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ქარხანა 26 აგვისტოს თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის, გლებ ნიკიტინის განცხადებით, დრონებით იერიშის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტი.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე გადამამუშავებელი დანადგარი, შიდა ინფრასტრუქტურა და ქარხნის სხვა ობიექტები. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და საწარმოს სრულად ამოქმედებას.

„ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი“ რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, ხოლო ბენზინის წარმოების მოცულობით – მეორე.

Reuters-ის ცნობით, ამ ეტაპზე „ლუკოილის“ ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო რუსეთში გაჩერებულია. პერმის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა 21 აგვისტოს დრონებით თავდასხმის შემდეგ შეაჩერა, ვოლგოგრადის ქარხანამ კი – 31 ივლისს.

გამოცემის ინფორმაციით, „ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზს“ წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი მეტრული ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია. საწარმო ასევე აწარმოებს დაახლოებით 5 მილიონ ტონა ბენზინს, 5 მილიონ ტონაზე მეტ დიზელს, 2 მილიონ ტონა მაზუთსა და დაახლოებით 500 ათას ტონა ბიტუმს.