სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო და გამოძიების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ანტიკორუფციული კომიტეტის პრესსპიკერმა განაცხადა.
ამასთან, მედიის ცნობით, ქოჩარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ღამით კვლავ გაუარესდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყოფილ პრეზიდენტს დაახლოებით ორი კვირის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარდა.
რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი, 25 აგვისტოს დააკავეს. ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ედავებიან.
საქმეზე ბრალი კიდევ ცხრა პირს აქვს წარდგენილი, მათ შორის სედრაკ ქოჩარიანსა და სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს.
სასამართლომ სედრაკ ქოჩარიანსაც ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სერჟ სარქისიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნის დატოვება აუკრძალა.