„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსა და პოზიციებს უწუნებს.

როგორც მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ომის დაწყებიდანვე არაერთი მცდარი პროგნოზი და შეფასება გააკეთეს. მისი თქმით, ისინი უკრაინას რუსეთის დამარცხებას, ნატოსა და ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებასა და გაყინული რუსული აქტივების გადაცემას ჰპირდებოდნენ, თუმცა აღნიშნული საკითხები დღემდე არ შესრულებულა.

მაჭავარიანი ასევე აკრიტიკებს ოპოზიციის დამოკიდებულებას უკრაინელი ლტოლვილების მიმართ და აცხადებს, რომ საქართველოში დევნილ ქართველ მოქალაქეებს მსგავსი მხარდაჭერა არ მიუღიათ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი იხსენებს უკრაინის დროშასთან დაკავშირებულ კამპანიებსაც და ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის მხარდაჭერას აქტიურად გამოხატავდნენ, თუმცა, მისი შეფასებით, იგივე დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ არ ავლენდნენ.

მაჭავარიანი ასევე საუბრობს ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და ნიკა გვარამიას განცხადებებზე, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის იდეას ან უკრაინის პოზიციების უპირობო მხარდაჭერას უკავშირდებოდა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მიერ ევგენი პრიგოჟინის მიერ 2023 წელს მოწყობილი შეიარაღებული ამბოხის მხარდაჭერა „უვიცობის უკიდურესი ფორმა“ იყო.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ასევე აკრიტიკებს ოპოზიციას იმის გამო, რომ უკრაინის მოთხოვნების შესრულების საკითხზე საქართველოში საპროტესტო აქციები იმართებოდა. მისი თქმით, ეს მოთხოვნები საქართველოს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვის საფრთხეს შეიცავდა.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უკრაინის არასათანადოდ მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ და, ამასთან, არ ახსენებდნენ საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ და სოციალურ დახმარებას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციამ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „უსამშობლობა, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინა და მას საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს.