უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო შესაძლებლობების გაძლიერებას და ომის გაფართოებას, რის გამოც უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა წუხელ უკრაინაზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა. მისი ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა პოლტავის, სუმისა და ხერსონის ოლქებში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხარკოვის ოლქში რუსული იერიშების სამიზნე საცხოვრებელი შენობები გახდა. კრამატორსკში მართვადი ავიაბომბი მაღალსართულიან შენობას მოხვდა, ოდესაში კი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

ზელენსკის ინფორმაციით, კიევის ოლქის სოფელ ჩუბინსკეში დრონებით განხორციელებული დარტყმების შემდეგ საწარმოებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციაში შესაბამისი სამსახურები მონაწილეობენ.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. მისი თქმით, საჭიროა დამატებითი პაკეტების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის საშუალებების, მიწოდებაც, განსაკუთრებით PURL-ის მექანიზმის ფარგლებში.

„ყველაფერი, რაც ჩვენი ცის დაცვას აძლიერებს, ყოველდღიურად ეფექტურად იცავს უკრაინელების სიცოცხლეს. იმისთვის, რომ რუსეთის ბრძოლის გაგრძელების სურვილი შევაჩეროთ, ეფექტურად უნდა ჩამოვაგდოთ ის რაკეტები, რომლებსაც მოსკოვი ომის გასაგრძელებლად იყენებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.