„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის და თამბაქოსა და ნიკოტინის ალტერნატიული ნაწარმის უკანონო რეკლამირებისთვის საჯარიმო სანქციების მნიშვნელოვნად გამკაცრებას ითხოვს.

ალიანსის განცხადებით, ბოლო პერიოდში სოციალურ და ციფრულ მედიაში გახშირდა ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი თამბაქოსა და ნიკოტინის ბალიშების პოპულარიზაცია. მათი შეფასებით, მსგავსი რეკლამის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მოზარდები და ახალგაზრდები არიან.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით, თამბაქოს ალტერნატიული ნაწარმის ინტერნეტით ან ფოსტით საცალო რეალიზაციისთვის პირველ შემთხვევაში 2 000-ლარიანი, განმეორების შემთხვევაში კი 4 000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. რეკლამის აკრძალვის დარღვევისთვის ჯარიმა 5 000 ლარს შეადგენს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მიიჩნევს, რომ არსებული სანქციები საკმარისი არ არის და თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები აკრძალული მარკეტინგის გაგრძელებას მაინც ახერხებენ.

ალიანსის ინიციატივით, უკანონო რეკლამირებისა და პოპულარიზაციისთვის პირველ დარღვევაზე ჯარიმა 20 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს, ყოველი განმეორებითი შემთხვევისთვის კი 50 000 ლარი განისაზღვროს.

ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება სოციალური ქსელები, პოდკასტები, მოკლე ვიდეოფორმატები და ვიდეობლოგები, სადაც, მათი თქმით, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების რეკლამა და პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ალიანსი ასევე აკრიტიკებს იმ ექიმებისა და ინფლუენსერების ქმედებებს, რომლებიც, მათი შეფასებით, ტრადიციული თამბაქოსგან ელექტრონულ სიგარეტებსა და გასახურებელ თამბაქოს ნაწარმზე გადასვლას უწევენ პოპულარიზაციას.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოამზადონ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, გააძლიერონ სოციალური ქსელებისა და ციფრული პლატფორმების მონიტორინგი და მკაცრად უზრუნველყონ არსებული რეგულაციების აღსრულება.

ალიანსის განცხადებით, საჯარიმო სანქციების გამკაცრება და ციფრულ სივრცეში კონტროლის გაძლიერება აუცილებელია ახალგაზრდების თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების ზემოქმედებისგან დასაცავად.