რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფიქრობდა და საბოლოოდ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს, მის წევრებსა და ლიდერებს, მათ შორის პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.
მდინარაძემ მადლობა გადაუხადა საკუთარ ოჯახსაც და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახის წევრებისთვის მეტი დროის დათმობის სურვილია.
„მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში, თუ პოლიტიკაში ბოლომდე ხარ ჩართული და პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური, ეს ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც პოლიტიკურ ბრძოლაში „წინა ხაზზე დგანან“ და მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობენ.