რეგიონული განვითარების უკვე ყოფილი მინისტრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილია.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკაში გატარებული 10 წლის განმავლობაში მისი საქმიანობა მაღალი ინტენსივობითა და პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, რის გამოც ახლა დასვენება და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარება სურს.
„10 წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც პოლიტიკაში თავიდან ბოლომდე ჩაბმული ხარ და ჩართულობის ხარისხი, ინტენსივობა და პასუხისმგებლობა შესაბამისია, ეს მარტივი ამბავი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმანაც, რომ რეგიონული მიმართულების მართვა მხოლოდ მის ყოფნაზე არ არის დამოკიდებული და მმართველ გუნდში ამ საქმის გაგრძელება სხვა ლიდერებსაც შეუძლიათ.
„მე ვფიქრობ, რომ ცოტა დასვენებასაც და საკუთარ ოჯახსა და თავზე ზრუნვასაც ვიმსახურებ. ჩემი შვილები ერთი 9 წლისაა და მეორე 13-ის და, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. რაღაც ადამიანური მომენტებიც მინდა დავიტოვო“, – აღნიშნა მდინარაძემ.
კითხვაზე, რა მოხდა ისეთი, რამაც მისი გადაწყვეტილება გამოიწვია, მდინარაძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
„ასეთი არაფერი მომხდარა, არც ისეთი არაფერი მომხდარა“, – თქვა მან.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს დაბრუნებას, თუ მისი გუნდისთვის მისი ჩართულობა აუცილებელი გახდება.
„თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, – განაცხადა მდინარაძემ.