ბიზნეს მოედნიდან საცეკვაო მოედნამდე- ალექს კარო (ალექსანდრე კაროევი)

2025

სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაცია, დღეს ასობით სხვადასხვა ასაკის, სქესისა და ეროვნების ადამიანს აერთიანებს საქართველოში, სალსა, ბაჩატა, კიზომბა, რუედა, სემბა …
ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობ ცეკვებს, თავისი წესებითა და კულტურით 9 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და პირველი ნაბიჯების ავტორი ალექს კარო(ალექსანდრე კაროევი) გახლავთ.
ბევრმა ის სწორედ ამ ცეკვებით გაიცნო საქართველოში და არა მარტო საქართველოში…
ცეკვა როგორც კულტურა, როგორც ბიზნესი თუ უბრალოდ ჰობი..“ მაესტროს არქივი“ ამ რუბრიკაში უკეთ გაგაცნობთ ადამიანს რომელმაც საინტერესო ექსპერიმენტი წამოიწყო

პირველ რიგში გავიცნოთ ის ადამიანი რომელიც წლების წინ ამ ყველაფერს იწყებდა

-ჩემი პროფესია გარკვეულწილად უკავშირდება ჩემს დღევანდელ საქმიანობას და ამავდროულად ძალიან განსხვავდება მისგან, ვსწავლობდი ბიზნეს ადმინისტრირებას, რაც მაშინაც და ახლაც ძალიან პოპულარულია, მინდოდა ამ სფეროში მეტი მესწავლა! ძალიან მიყვარდა კრივი და როგორც აქტიურ სპორტს ყოველთვის მივყვებოდი. თანამედროვე კრივის სამშობლოდ ინგლისს მიიჩნევენ, მაგრამ საფუძველი ბერძნულ მითოლოგიაშიც, ძველი რომის ქრონიკებშიცაა, მოკლედ საინტერესო ისტორია და წესები აქვს!
ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ კრივისა და ბიზნესის მოედნიდან საცეკვაო მოედანზე ავღმოვჩნდებოდი! თუმცა ყველაფერი საინტერესო მაშინ იწყება როდესაც ადამიანი კომფორტის ზონიდან გამოდის და იმის კეთებას იწყებს, რაც მანამდე არასდროს უკეთებია.

იდეიდან ფედერაციის შექმნამდე რა იყო ყველაზე რთული?

სტუდიისა და ფედერაციის შექმნა არ ყოფილა იდეა რომელიც თავიდანვე გაჩნდა, ყველაფერი ეტაპოპრივად მოხდა, ერთ დღეს 23 ნოემბერს, გიორგობას, გზად მუსიკის ხმა გავიგე ერთ-ერთი სტუდიიდან. თავისუფალი დრო მქონდა და შევიხედე, დაახლოებით ისეთი სცენარი იყო ფილმებში რომ ვუყურებთ ხოლმე, შემოდომა მუსუკა ცეკვა … ახალგაზრდა და ცნობისმოყვარე ვიყავი, ერთი სიტყვით გარემომ ძალიან მომხიბლა, სტუდიაში ერთმა გოგომაც და ასე თავქარიანად დავიწყე ცეკვაზე სიარული.
რთული იყო როდესაც ცეკვას პროფესიონალურად მივუდექი და გადავწყვიტე ჩემი საქმიანობა მიმეტოვებინა და მთელი დრო ჩემი ახალი მისწრაფებისთვის დამეთმო. ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, მაგრამ რაც დრო გადიოდა ცეკვა უფრო და უფრო ჩემი ცხოვრების აზრი ხდებოდა და ყველაფერი თავისით დალაგდა!

მოგზაურობა ცეკვისთვის თუ ცეკვა მოგზაურობისთვის?

ჩემ შემთხვევაში, მოგზაურობა ცეკვისთვის. სოციალური ცეკვები წლების წინ საქართველოში არავინ იცოდა, განვითარების შესაძლებლობა ფაქტობრივად აქ არავის ჰქონდა ამიტომ ვეძებდი ქვეყნებს, სადაც შევძლებდი მასტერკლაზებზე დასწრებას, პროფესიონალ ინსტრუქტორებთან მუშაობასა და განვითარებას.

ეროვნებით არაქართველი ქართული ჩოხით უცხო ქვეყნის სცენაზე რისი თქმა გსურდათ ამით

მართალია ეროვნებით ქართველი არ ვარ, მაგრამ აქ დავიბადე გავიზარდე და საქართველო ძალიან მიყვარს, ჩემს სამშობლოდ ვთვლი და ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ქართული კულტურა და წესები ყველა ქვეყანაში წარვადგინო!

ოჯახი, მოგზაურობა თუ ბიზნესი?

აქ ნამდვლად გამომადგა ჩემი პირველი პროფესია რადგან სწორი მენეჯმენტი და ბალანსი ყველაფერში აუცილებელია, ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს, რთულია მაგრამ დროის სწორად გადანაწილებაა.

რა თვისება უნდა ჰქონდეს კარგ მენეჯერს

იყო კარგი მენეჯერი, ხელმძღვანელი, ლიდერი ალბათ ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამის ზუსტი ფორმულა არ არსებოს , მაგრამ ჩემი გამოცდილებით მთავარია ადამიანებს სამსახურში მისვლა უხაროდეთ. როგორც წესი უფროსები ძირითადად არ უყვართ ხოლმე, მაგრამ მე ვცდილობ მათ მივცე იმედი და მოტივაცია იმის, რისიც შეიძლება იმ მომენტში თვადაც არ სჯეროდეთ. აუცილებელი არ არის ყველამ ყველაფერი კარგად იცოდეს მთავარია სჯეროდეს რომ შეუძლია! მე ამ რწმენამ მომიყვანა დღეს აქ !
ცეკვა ისეთია პროფესიაა ხანდახან საერთოდ არ გეცეკვება ან გეცინება, მაგრამ ეს შენი საქმეა და უნდა გააკეთო. წლები გავატარე ჩემს გუნდთან ერთად, მათ კარგად ვიცნობ და უთქმელადაც მათ სახეებზე ბევრ რამეს ვამჩნევ, მაგრამ ხანდახან ემოციური სტაბილურობა გადამწყვეტია. რთულია პასუხისმგებლობა აიღო ადამიანებზე, პირველ რიგში შენ ხარ მათი მოტივაცია და იმედი

არაერთ ყვეყანაში მოგზაურობამ და არაერთი კულტურის ადამიანებთან ურთიერთობამ რა გასწავლათ

მოგზაურობისას ბევრ ადამიანს იცნობ, სხვადასხვა ქვეყნის კულტურას სწავლობ , საკუთარ თავსაც სხვაგვარად იცნობ. ყველას სხვადასხვა ეროვნება, აღმსარებლობა და ტრადიცია აქვს, მაგრამ ერთი რამ ყველას აერთიანებს , სიყვარული და ადამიანობა!

პოლიტიკა ხელოვნებაშიც თუ ხელოვნება პოლიტიკის გარეშე?

ზოგადად არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, განხილვა ან საქმეში არევა, მაგრამ როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ და მას რაღაც ძალიან უჭირს , ჩემი აზრით შენც ვალდებული ხარ რომ შენი სათქმელი თქვა.

ადამიანის ყველაზე ცუდი ჩვევა რომელიც ხელს უშლის წარმატებაში ან ბედნიერებაში
სიზარმაცე და დაბალი თვითშეფასება!

ტრადიცია რომელსაც არასდროს ღალატობთ?

ყველას აქვს ალბათ რაღაც თავისი პატარა ტრადიციები, არ ვიცი ეს ტრადიციაა თუ უბრალოდ ჩვევა, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მოგზაურობიდან საქართველოში ვბრუნდები, სახლში აუცილებლად ძველი თბილისის გავლით მივდივარ, მსიამოვნებს და თითქოს სახლში დაბრუნების სიმყუდროვეს ზუსტად მაშინ ვგრძნობ.

რას ასწავლიდი საკუთარ თავს უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს

საკუთარ თავს არ ვიცი რთული სათქმელია, მაგრამ ყველა ჩემს მოსწავლეს ქართველს თუ უცხოელს ვასწავლი, რომ არ შეეშინდეთ ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც შეცდომით ! სოციალური ცეკვის არსიც ისაა რომ გადადგა ნაბიჯები რომელიც წინასწარ არ იცი რით დამთავრდება და პარტნიორი როგორ წამოგყვება. სოციალური ცეკვაც თავისებურად ცხოვრებას გავს სადაც სწავლობ საკუთარი თავის და პარტნიორის ნდობას, სრულიად ახალ ნაბიჯებს დგამ და ეს არ ნიშნავს რომ რამეს არასწორად აკეთებ!

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში შვილმა და რა იქნება მთავარი რჩევა რომელსაც მისცემ

სანამ მშობელი არ გახდება ადამიანი ამას ვერც სიტყვებით ახსნის და ვერც იმ ემოციას გადმოსცემს რასაც იმ მომენტში გრძნობს, რაც დრო გადის უფრო იაზრებ მშობლის პასუხისმგებლობას და მოვალეობას. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის, როგორც დედის ასევე მამის და მნიშვნელოვანია რომ ორივე მშობელი თანაბრად იყოს შვილის აღზრდაში ჩართული. ლეონარდოს შემდეგ სამყარო სხვანაირად დავინახე და მინდა ვასწავლო დამოუკიდებლობა, მიზანდასახულობა, ბრძოლა საკუთარი თავის, მიზნებისა და ოცნებებისკენ.