ბულგარეთში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი ამის შესახებ X-ზე წერს.

ელჩი აცხადებს რომ 20 წელზე მეტია დიპლომატიურ სამსახურშია და ამ პერიოდის განმავლობაში კოლეგებთან ერთად აქტიურად ცდილობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასა და სტრატეგიულ პარტნიორებთან სოლიდური და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მისი თქმით, ამ მცდელობებს ძირი არ უნდა გამოეთხაროს არაფრის ფასად.

“#არა ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოხატვის წინააღმდეგ! სრული სოლიდარობა”, – წერს დიპლომატი

აღსანიშნავია, რომ ოთარ ბერძენიშვილი ბულგარეთში ელჩად შარშან დაინიშნა. მანამდე ის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე, ასევე, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი.