„საპარლამენტო უმრავლესობამ დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი. უკვე ორი წელია პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს. 2 წელია მიმდინარეობს მუშაობა. როგორც იცით, მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს. ის უკვე თითქმის, 7 წელია, რაც ძალაშია. ამიტომ, მოხდა შესწავლა იმის თუ, რა ხარვეზებია, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში 65 სხვადასხვა ცვლილებაა შეტანილი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორიცხული. ასევე, მოხდეს მისი სტრუქტურიზება ლოგიკური თანმიმდევრობით.
ძირითადი ცვლილებები, რაც საინტერესო შეიძლება იყოს ისაა, რომ ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. როგორც იცით, ინტერპელაცია გახლავთ პარლამენტის წევრების ინსტრუმენტი, რათა კითხვებით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. შემდეგ, ამ კითხვების შესაბამის პასუხად შესაბამისი სუბიექტები უნდა მოვიდნენ პარლამენტში და პლენარული სხდომის ფორმატში უპასუხონ კითხვებს. შემდეგ კი დებატები იმართება.გაორმაგება ნიშნავს იმას, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაციის დღე. ასევე, ხდება ხელახალი მოწესრიგება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპი დასრულების შემდეგ, დებატების წესის. აქამდე უფრო მონოლოგური ხასიათი იყო. ახალი მოწესრიგებით იქნება მონაცვლეობითო გამოსვლა, რაც დებატის და უფრო დინამიკურ ხასიათს მისცემს.
თავის დანიშნულებას კარგავს „მინისტრის საათი“, რომელიც 2018 წელს საკომპენსაციოდ იქნა შემოღებული. ზოგ ქვეყნებში არსებობს კითხვების დრო, როდესაც ყოველ კვირას, გამოყოფილია ერთი დღე, რათა ანგარიშვალდებულმა პირმა კითხვებს უპასუხოს. ფაქტობრივად, ჩვენ ეს სისტემა შემოგვაქვს და ყოველ კვირას იქნება შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი.
დამკვიდრდება პარლამენტის საქმიანობის ერთიანი წლიური ანგარიში.ახალი რეგლამენტით, კომიტეტები იმუშავებენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და პირიქით, პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტებთან ერთად, რათა შედგეს ერთიანი წლიური ანგარიში პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა.